სკოლის დირექტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი, "თვისუფლების ინსტიტუტის" წარმომადგენელი თეა თუთბერიძე და იურისტები: რევაზ რიჟამაძე და ილია ლომია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრ დიმიტრი შაშკინს საჯარო ინფორმაციის გაცნობის მოთხოვნით მიმართავენ.
როგორც წერილშია აღნიშნული, საჯარო დაწესებულებას საჯარო ინფორმაციის დაუყოვნებლივ გაცემას ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი ავალდებულებს. რიგ შემთხვევებში კი საჯარო ინფორმაციის გასაცემად 10-დღიანი ვადაა საჭირო, რაც საჯარო დაწესებულებამ განმცხადებელს მოთხოვნისთანავე უნდა აცნობოს.
თეა თუთბერიძე, რევაზ რიჟამაძე და ილია ლომია განათლების სამინისტროსგან სათანადო დოკუმენტაციის გაცნობის უზრუნველყოფას 27 ივლისიდან 10 აგვისტოს ჩათვლით ითხოვენ.
განათლების მინისტრისადმი გაგზავნილ წერილში ისინი ამ უწყებისგან სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრების ბრუნვის ამსახველი საფინანსო-ეკონომიკურ დოკუმენტაციას ითხოვენ.
ლაპარაკია სამინისტროს ცენტრალური აპარატის საშტატო განრიგზე (სახელფასო განაკვეთების ჩვენებით), სახელმწიფო შესყიდვების ამსახველ დოკუმენტაციაზე, ინვენტარიზაციის შემაჯამებელ ოქმებზე, საჯარო სკოლებისათვის ვაუჩერული დაფინანსების გამოყოფის ბრძანებებსა და ანგარიშებზე, სამინისტროს საბიუჯეტო გეგმაზე, საგრანტო პროგრამებსა და საგადასახადო ორგანოში წარდგენილ წლიურ და ყოველთვიურ ანგარიშებზე.