რუსი მესაზღვრეები ქართულ მხარეს ჩეჩნეთის ტერიტორიაზე 2 წლის დემეტრე დაიაურისა და 4 თვის მამუკა არაბულის ცხედრების ძბენის უფლებას არ აძლევენ, _ ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" შსს-ის საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის მაშველმა დავით შათირიშვილმა განუცხადა.
მისი განმატებით, 2008 წლამდე, როდესაც მდინარე საქართველოს ტერიტორიიდან ცხედარს ჩეჩნეთში გადაიტანდა რუსული მხარე ცხედრებს ქართულ მხარეს უბრუნებდა.
"ხევსურეთში ასეთი ოთხი შემთხვევა არის დაფიქსირებული, თუმცა აგვისტოს ომის შემდეგ სამი ადამიანია უგზო-უკლოდ დაკარგული, რომელიც მდინარეებმა სავარაუდოდ ჩეჩნეთის ტერიტორიაზე გადაიტანა, მიუხედავად ამის რუს მესაზღვრეებს გვამები აღარ დაუბრუნებიათ", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში შათირიშვილმა.
მისივე თქმით, საქართველო-ჩეჩნეთის საზღვარზე მყოფი მესაზღვრეებთან მისვლის საშუალებაც კი არ არსებობს, რადგან რუსული მხარე შესაძლოა პროვოკაციულ ქმედებაზეც კი წავიდეს და არ არის გამორიცხული ცეცხლიც გახსნას.
შეგახსენებთ, რომ მუცოს ხეობაში მომხდარი ავარიის შედეგად მდინარე არღუნში ჩავარდნილი 2 წლის დემეტრე დაიაურისა და 4 თვის მამუკა არაბულის ცხედრების პოვნის შანსი თითქმის აღარ არსებობს.
"ბავშვების ცხედრების პოვნის შანსი თითქმის აღარ არსებობს, რადგან მდინარე იმდენად ჩქარია, რომ ბავშვების ცხედრებს ერთ საათში უკვე ჩეჩნეთის ტერიტორიაზე გაიტანდა", - განაცხადა შათირიშვილმა.
ამასთან, შათირიშვილის განმარტებით, ავარიის შემდეგ მდინარის ორივე ნაპირი მაშველებმა სამჯერ შეამოწმეს, თუმცა უშედეგოდ. მიუხედავად ამისა, მაშველები დაღუპულების სამძებრო სამუშაოებს დღესაც განაახლებენ. ამასთან, როგორც შათირიშვილმა განაცხადა, ჩეჩნეთის ტერიტორიაზე ქართულ მხარეს სამაშველო სამუშაოების გაგრძელების საშუალებას რუსი მესაზღვრეები აღარ აძლევენ.
მუცოს ხეობაში უბედური შემთხვევა 22 ივლისს, საღამოს მოხდა. "ჯიპის" ტიპის ავტომანქანა, რომელშიც 10 ადამიანი იმყოფებოდა, ხრამში გადავარდა. შვიდი ადამიანი, მათ შორის სამი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა.
გარდაცვლილთა შორის არიან პოეტის და შატილის თემის საკრებულოს წევრის გელა დაიაურის მეუღლე და შვილები, დაიაურის მეჯვარე ბერდია არაბული ოჯახით და გელა დაიაურის ცოლის და.
გელა დაიაურმა და მისმა ცოლის ძმამ 19 წლის თორნიკე ქუმსიაშვილმა ავარიის დროს მცირე დაზიანებები მიიღეს. მათთან ერთად იმყოფებოდა ასევე ოჯახის ახლობელი თეონა ჭინჭარაული, რომელიც შედარებით მძიმე იყო, რის გამოც თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადმოიყვანეს. ამ დროისთვის ჭინჭარაული საავადმყოფოდან უკვე გაწერეს.