დღეს, 24 ივლისს, "თბილისის ავტოკლუბი" სპეციალურად მედიის წარმომადგენლებისათვის „მედია რალის" გამართავს. რალი სტარტს 17.00 საათზე, ღონისძიების გენერალური სპონსორის „ლუკოილის" ცენრტალურ ოფისთან აიღებს და ვარდების მოედანზე გადაინაცვლებს.
"თბილისის ავტოკლუბის" თავმჯდომარის ზურაბ ბეჟაშვილის განცხადებით, რალის პროგრამა 6 სახალისო ტესტს მოიცავს, რომელთაგან ორის შესრულება: „გადაადგილება ქალაქის ქუჩებში" და „სლალომი ავტო ფარეხები" მონაწილეებისათვის სავალდებულოა.
„რაც შეეხება დარნარჩენ ოთხ სახალისო ტესტს: დართსი, რალი დისტანციური მართვის ავტომობილებით, წყვილთა რბოლა ველოსიპედებით და ჩქაროსნული სლალომი ავტომობილებით, მონაწილეებს შეეძლებათ მათთვის სასურველი 3 სახეობა აირჩიონ,"-აღნიშნა ზურაბ ბეჟაშვილმა.
"მედია-რალიში" გამარჯვებული პრიზად 1000 ლარს და 150 ლიტრს „ლუკოილის" საწვავს მიიღებს, მეორე ადგილის მფლობელი 500 ლარს და 100 ლიტრ საწვავს, ხოლო მესამე ადგილზე გასული მონაწილე კი 250 ლარის ოდენობის ფულადი თანხით და 50 ლიტრი საწვავით დაჯილდოვდება.
ღონისძიების სპონსორია აგრეთვე კომპანია „ბილაინი" და მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული საავტომობილო ფედერაცია.
ორგანიზატორების განცხადებით, შეჯიბრი მიზნად ისახავს ავტომობილის მართვის ოსტატობის ამაღლებას და მოძრაობის წესების მოსახლებისთვის პოზიტიური კუთხით მიწოდებას.
მათივე ინფორმაციით, მსგავსი ტიპის ღონისძიებები ტრადიციულ სახეს მიიღებს და წელიწადში რამდენჯერმე გაიმართება.