აფხაზეთის ე. წ. პრემიერ-მინისტრი სერგეი შამბა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე აფხაზური დელეგაციის მონაწილეობის შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ დელეგაცია მორიგ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს.
მისი თქმით, რამდენიმე ხნის წინ აფხაზურმა მხარემ გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ აფხაზური დელეგაცია ჟენევის მოლაპარაკებებში მონაწილეობას დროებით წყვეტს, მაგრამ ამ შეხვედრაზე აფხაზური დელეგაცია მხოლოდ იმიტომ ჩავა, რომ დაადგინოს, რა დასკვნა გამოიტანეს მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარეებმა აფხაზური დელეგაციის მიერ გაკეთებული განცხადებებიდან.
"გასულ კონსულტაციებზე უკმაყოფილება გამოვხატეთ მოლაპარაკებათა თავმჯდომარეების მიერ განხორციელებულ ქმედებებზე. ჩვენ გამოვაცხადეთ, რომ თუკი მოდერატორები გააგრძელებენ არაობიექტურ დამოკიდებულებას ამ კონსულტაციების მიმართ, ჩვენ მათდამი ინტერესს დავკარგავდით. ამასთან დაკავშირებით გარკვეული მოლაპარაკებებიც ჩავატარეთ და გადავწყვიტეთ, რომ კიდევ ერთხელ დავესწროთ ამ შეხვედრას. შემდეგ უკვე გავაკეთებთ დასკვნებს, თუ რა გამოიტანეს მათ ჩვენ მიერ გაკეთებული განცხადებებიდან", - აცხადებს სერგეი შამბა და დასძენს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი ეს ასე არ მოხდა და ძველებური დამოკიდებულება გაგრძელდა, აფხაზური მხარე ვერ ხედავს აზრს იმ დისკუსიებში მონაწილეობისა, "სადაც მოდერატორები ერთმნიშვნელოვნად მხარს უჭერენ საქართველოს".