"ქართული აკადემიის" წევრები და სხვა მეცნიერები 15 სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის სახელმწიფო უნივერსიტეტის შემადგენლობაში გადაცემას აპროტესტებენ და ყველა პოლიტიკურ პარტიას და არასამთავრობო ორგანიზაციას რეაგირებისკენ მოუწოდებენ. ეს განცხადება "ქართული აკადემიის" წევრმა ვანო კიღურაძემ დღეს, ქართული აკადემიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
ვანო კიღურაძის თქმით, კვლევითი ინსტიტუტების სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის გადაცემა გაყალბებული დოკუმენტაციის საშუალებით მოხდა. მისი თქმით, კანონის "მეცნიერების და ტექნოლოგიების შესახებ" მიხედვით, კვლევითი ინსტიტუტის სახელმწიფო უნივერსიტეტებისთვის გადაცემა, მხოლოდ ორ შემთხვევაში უნდა მოხდეს - როდესაც კვლევითი ინსტიტუტი განაცხადებს, რომ მას არ უნდა დამოუკიდებლად არსებობა და იმ შემთხვევაში თუ ინსტიტუტს 3 წლის განმავლობაში არ შეუტანია განაცხადი გრანტზე, ან განაცხადი შეიტანა, მაგრამ 5 წლის განმავლობაში ვერ მიიღო. კიღურიძის თქმით, ყოველივე ამას აღნიშნულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.
"ხელისუფლებას უნდა საქართველოდან მეცნიერება ამოძირკვოს და ქართველი ერი მომსახურე ერად აქციოს", - განაცხადა ვანო კიღურაძემ.
ქართული აკადემიის წევრების განცხადებით, მათ ამ საკითხთან დაკავშირებით, საპროტესტო წერილით ხელისუფლების ორგანოებს უკვე მიმართეს, მაგრამ ამ ყოველივეს გამოხმაურება არ მოჰყოლია.
"მოვუწოდებ ხელისუფლებას ნუ ჩაიდენთ ასეთ ცოდვას. ამას "ქართული აკადემია" და თქვენი შთამომავლობა არ გაპატიებთ', _ აღნიშნა კიღურაძემ.