მონროვიაში, ლიბერიაში აშშ-ს ნარკოტიკებთან ბრძოლის სააგენტოს თანამშრომლებმა ადგილობრივი პოლიციის დახმარებით, რუსეთის მოქალაქე, პილოტი კ. იაროშენკო დააკავეს, რომელიც შემდეგ აშშ-ში გადააგზავნეს და ამჟამად ნიუ-იორკის ციხეში იმყოფება.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ რუსული მხარე მყარადაა დარწმუნებული იმაში, რომ ეს საერთაშორისო სამართლის შესაბამისი ნორმების დარღვევაა.
"ფაქტობრივად საუბარია რუსეთის მოქალაქის გატაცებაზე მესამე ქვეყნის ტერიტორიაზე. ამას გარდა, აშშ-ს ხელისუფლებამ არ აცნობა რუსეთის ხელისუფლებას იაროშენკოს დაკავების ფაქტის შესახებ. ამერიკული სპეცსამსახურების მოქმედება ჩვენი მოქალაქის ძალადობრივი საიდუმლო გადაადგილების შესახებ მონროვიიდან ნიუ-იორკში შეიძლება შეფასდეს როგორც დაუფარავი თავგასულობა", _ იუწყება რუსეთის საგარეო უწყება.
მათივე თქმით, ვაშინგტონში რუსეთის საელჩო და ნიუ-იორკში რუსეთის გენერალური საკონსულო ყურადღებით ადევნებენ თვალს სიტუაციის განვითარებას. დაკავებულთან არსებობს მუდმივი კონტაქტი. მას ასევე ჰყავს ადგილობრივი გამოცდილი რუსულენოვანი ადვოკატი, რომელიც სისხლის სამართლის საქმეებზე სპეციალიზირდება.
რუსეთის საელჩომ აშშ-ში ამ ფაქტთან დაკავშირებით აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში ოფიციალური ნოტაც გააგზავნა და ახსნა-განმარტებები მოითხოვა. მეტიც, რუსეთში აშშ-ს ელჩი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროშიც დაიბარეს და მასთან აშშ-ს მთავრობის მოქმედებები გააკრიტიკეს.