„აღმოსავლეთ ევროპის ცენტრის მრავალპარტიული დემოკრატიისთვის” (EECMD) ქუთაისის ოფისში ბლოკჩეინ-ტექნოლოგიის შესახებ დისკუსია გაიმართა, რომელსაც მათემატიკოსი, არჩილ სხვედიანი უძღვებოდა.
შეხვედრაზე განიხილეს ბლოკჩეინის ტექნოლოგია და მისი შემდგომი გამოყენების მასშტაბები, თუ როგორი იქნება პოსტ-ბლოკჩეინისეული ეპოქა მსოფლიოსთვის და საქართველოსთვის.
დისკუსიის ერთ-ერთ ცენტრალურ საკითხს წარმოადგენდა ბლოკჩეინი, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ახალი საფუძველი თანამედროვე დემოკრატიისა, რომელიც ძირეულად ცვლის საჯარო და სახელმწიფო დაწესებულებების ფუქციონირების XXI საუკუნემდე არსებულ სტანდარტებს, ფულის მიმოქცევას ქვეყნებს და ადამიანებს შორის და ა.შ.
„ბლოკჩეინ ტექნოლოგია მეტ თავისუფლებას მისცემს მათ, ვისი თავისუფლებაც ჯერ კიდევ შეზღუდულია. მეტ ფინანსურ სტაბილურობას მოუტანს მათ, ვისი ფინანსური მდგომარეობაც არასტაბილურია და ჩვენს ცხოვრებას შეცვლის უკეთესობისკენ უფრო სწრაფი ტემპით”, - აღნიშნავს არჩილ სხვედიანი.
შეხვედრის ორგანიზატორის, EECMD ქუთაისის დემოკრატიის სკოლის კოორდინატორის, თემურ ჯვარშეიშვილის შეფასებით, „იმ პირობებში, როდესაც მსოფლიოში თითქმის ყველა საქმიანობა ელექტროფიცირებულია, გასაკვირი არ არის, რომ ჭკვიანი ტექნოლოგიები სულ უფრო მეტად იჭრება, ჩვენი, ადამიანების ცხოვრებაში და დღეს ძნელად მოიძებნება ისეთი სფერო, რომლის მიმართ ინტერნეტზე და კომპიუტერულ სისტემებზე დაფუძნებული ინტერვენცია არ განხორციელებულა. იმის გათვალისწინებით, რომ ბლოკჩეინი ახალ რეალობას გვთავაზობს დემოკრატიის შემდგომი პროგრესის გზაზე, სიმბოლურია, რომ ამ თემაზე პირველი ასეთი წარმომადგენლობითი და არსებითი საჯარო დისკუსია დასავლეთ საქართველოში სწორედ ქუთაისის დემოკრატიის სკოლაში გაიმართა”.