დღეს, 21 ივლისს, 15:00 საათზე, საქართველოს პარლამენტში, თამარ მეფის დარბაზში, გაეროს განვითარების პროგრამის ახალი ინიციატივის დეტალები გახდება ცნობილი. შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე და გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი საქართველოში ჯეიმი მაკგოლდრიკი დაესწრებიან.
გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ახალი ინიციატივა მიზნად ისახავს საქართველოს პარლამენტის მხარდაჭერას მისი საკონსტიტუციო უფლებამოსილების ოთხივე სფეროში: წარმომადგენლობა, კანონშემოქმედება, აღმასრულებელ ხელისუფლებაზე ზედამხედველობა და ქვეყნის პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა.
პროგრამა ხელს შეუწყობს საქართველოს პარლამენტს ეფექტურად და სისტემატურად მიიღოს მონაწილეობა სახელმწიფოს წლიური საბიუჯეტო ციკლის პროცესებში, შეიმუშაოს დემოკრატიული ადგილობრივი თვითმმართველობისთვის შესაბამისი კანონმდებლობა და გააუმჯობესოს ადამიანური რესურსების მართვის სისტემა.
იგი აგრეთვე მხარს დაუჭერს საქართველოს პარლამენტის თანამშრომლობას ბალტიისპირეთის, სკანდინავიისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების პარლამენტებთან.
ტექნიკური და საექსპერტო დახმარება 2011 წლის ბოლომდე გაგრძელდება. პროექტის ბიუჯეტი 270 ათას აშშ დოლარს შეადგენს, ხოლო მომავალში 900 ათას აშშ დოლარამდე გაიზრდება.
გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) თანამშრომლობა საქართველოს პარლამენტთან 2004 წელს დაიწყო. UNDP-ის დახმარებით ჩატარდა სასწავლო პროგრამები პარლამენტარებისთვის, პარლამენტის აპარატის თანამშრომლებისა და თვითმმართველობის წარმომადგენლებისთვის.