ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსთან ერთად განხორციელებული პროექტებით კმაყოფილია. გაწეული სამუშაო სამინისტროს, USAID -ისა და დანიის ლტოლვილთა საბჭოს წარმომადგენლებმა დღეს სასტუმრო "თბილისი მარიოტში" შეაჯამეს და აღნიშნეს, რომ პროექტის ძირითადი მიზანი - სამინისტროს ინსტიტუციონალური შესაძლებლობების გაუმჯობესება და დევნილთა ინტერესების ეფექტური დაცვა, მიღწეულია.
როგორც USAID -ის დირექტორმა კავკასიაში ჯონათან ქონლიმ განაცხადა, ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტო სამინისტროსთან ბოლო 18 თვის განმავლობაში თანამშრომლობდა, რათა აღნიშნული უწყების საქმიანობის ეფექტიანობა დევნილთა ინტერესების დასაცავად საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ამაღლებულიყო. "მათ შესანიშნავად მოახერხეს ეფექტური მომსახურება გაეწიათ დევნილებისთვის. 18-თვიან პერიოდში საჭირო იყო ეფექტური როგორც ჰუმანიტარული, ისე ეკონომიკური და პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება. ამ პერიოდში წარმატებით ვითანამშრომლეთ და შევქმენით დევნილთა მიმართ სამოქმედო გეგმა და საკომუნიკაციო სტრატეგია. ასევე წარმატებით განხორციელდა სამინისტროს ორგანიზაციული რესტრუქტურიზაცია. სამინისტროს ხელმძღვანელობის გარეშე ამდენს ნამდვილად ვერ მივაღწევდით, ვამაყობ, რაც მათ გააკეთეს", - აღნიშნა ქონლიმ.
განხორციელებული პროექტებით კმაყოფილია დანიის ლტოლვილთა საბჭოც. როგორც საბჭოს წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში შტეფან მაუერმა აღნიშნა, მთავრობასთან თანამშრომლობა ყოველთვის რთულია, მაგრამ საქართველოში ეს თანამშრომლობა სიამოვნებით განხორციელდა, რადგან სამინისტრო დევნილთა დახმარების კუთხით მაღალი პასუხისმგებლობით გამოირჩეოდა. მისი თქმით, ის მიღწევები, რომელიც პროექტის ფარგლებში განხორციელდა, დევნილებს შემდგომშიც გამოადგებათ. "სამინისტროს დამსახურებაა, რომ მოხერხდა დევნილთა მისაღების გამართვა, რომლის შედეგადაც სიტუაცია განიმუხტა", - აღნიშნა მაუერმა.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის კობა სუბელიანის შეფასებით, UშAID-ის დახმარებით დევნილებთან ურთიერთობის კუთხით კომუნიკაციის ხარისხი საკმაოდ გაუმჯობესდა.
"2008 წლის აგვისტოში რუსეთთან ომის შემდგომ ძალიან ბევრი პრობლემა დაუდგა სამინისტროს. USAID -ის პროგრამა ითვალისწინებდა სამინისტროს დახმარებას დევნილებთან ურთიერთობის თვალსაზრისით, დევნილებთან კომუნიკაციის ხარისხის ამაღლებისთან დაკავშირებით. სამინისტროში შეიქმნა ცხელი ხაზი, მოწესრიგდა მონაცემთა ბაზა, რომელიც უფრო ხელმისაწვდომი გახდა დაინტერესებული ადამიანებისთვის. აღნიშნული პროექტი საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო, რადგან დევნილებთან ურთიერძთობის გარდა, გულისხმობდა ურთიერთობების დალაგებას და მოწესრიგებას პრესასთან, მასმედიასთან, საზოგადოებასთან და ყველა დაინტერესებულ პირთან", _ განაცხადა მან.
მინისტრის თქმით, პროექტის ძირითად მიღწევათაგან აღსანიშნავია კომუნიკაციის სტრატეგიის შემუშავება, რომლის მიზანიც დევნილთათვის სათანადო ინფორმაციის შეუფერხებელი გადაცემა იყო.
აღნიშნული პროექტი წარმოადგენს USAID -ის მიერ საქართველოსთვის კონფლიქტის შემდგომ დახმარებას, რათა მოხდეს 2008 წლის აგვისტოს ომით გამოწვეული უარყოფითი შედეგების დაძლევა და ქვეყანაში მშვიდობისა და კეთილდღეობის აღდგენა.