საქართველოს კონკურენციის სააგენტო წელს პირველად უერთდება კონკურენციის მსოფლიო დღის აღნიშვნას, თემით - „ჯანსაღი კონკურენცია და ბიზნესის კეთილსინდისიერება - როგორც აუცილებელი ელემენტები მდგრადი ეკონომიკური განვითარებისთვის“.
კონფერენცია სასტუმრო „ბეთსში“ იმართება, რომელსაც მოწვეულ ექსპერტებთან ერთად, საქართველოში მოღვაწე მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები ესწრებიან. "ჩვენი ნებისმიერი საქმიანობა მომხმარებელზე უნდა აისახოს. ჩვენ ვალდებულნი ვართ, დავიცვათ ყველა მხარის უფლება, ჯანსაღი კონკურენცია, რომელიც ერთ-ერთი მთავარი გზაა ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერებისკენ.
დღევანდელ შეხვედრაზე, მოწვეულ ექსპერტებთან ერთად, საქართველოში მოღვაწე მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები არიან მოწვეულნი იმ მიზნით, რომ კონკურენციის ადვოკატირება და მისი სიკეთეების პრაქტიკაში გამოყენება მათთვისაც ნათელი იყოს. აღნიშნული კონფერენცია მათი საქმიანობის გაუმჯობესების ხელშეწყობასთან ერთად, თავისუფალი სამეწარმეო საქმიანობის და მომხმარებელთა კეთილდღეობის უზრუნველყოფას; პრევენციას და კონკურენციის სფეროში კეთილსინდისიერი ქცევის, კანონმდებლობის ზოგადი პრინციპების, ვალდებულებების, საერთაშორისო პრაქტიკის გაცნობას; კონკურენციის პოლიტიკის პოპულარიზაციას; ჯანსაღი კონკურენტული გარემოს ფორმირებას; ბიზნესის წარმართვის უპირატესობების შესახებ მეწარმეთა ინფორმირებას, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას ემსახურება“, - განაცხადა შეხვედრისას ნოდარ ხადურმა.
ღონისძიების მონაწილეებს ასევე სიტყვით მიმართეს - ლიტვის კონკურენციის საბჭოს წარმომადგენელმა იევა იაკუბავისიენმა; საქართველოს ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელმა ზურაბ ძნელაშვილმა; კონკურენციის სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა სოფიო მომცელიძემ; ევროკავშირის პროექტის წამყვანმა ექსპერტმა კონკურენციის სამართლის საკითხებში დიანა მარკოვიჩ ბაიალოვიჩმა.
სემინარის თანაორგანიზატორია ევროკავშირის პროექტი „კონკურენციის სააგენტოს მხარდაჭერა“. მსოფლიო კონკურენციის დღე 5 დეკემბერს 30-ზე მეტ ქვეყანაში 2010 წლიდან აღინიშნება და დაკავშირებულია ბიზნესის შემზღუდველი პრაქტიკის კონტროლთან, გაერთიანებული ერების მრავალმხრივ პრინციპებსა და წესებთან, რომელიც გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ 1980 წლის 5 დეკემბერს მიიღო.