„საქართველოს პარლამენტი ნებისმიერი შესაძლებლობის მქონე მოქალაქეთა წარმომადგენლობაა და მისი შენობა სრულად და თანაბრად ხელმისაწვდომი უნდა იყოს ჩვენი თითოეული მოქალაქისთვის“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გლობალური საკანონმდებლო ღიაობის კვირეულის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე - „ხელმისაწვდომი პარლამენტი ყველასათვის“, მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ჩვენ სრულად ვაცნობიერებთ, რომ პარლამენტი ნებისმიერი შესაძლებლობის მქონე მოქალაქეთა წარმომადგენლობაა და მისი შენობა სრულად და თანაბრად ხელმისაწვდომი უნდა იყოს ჩვენი თითოეული მოქალაქისთვის. სიამაყით ვაცხადებთ, რომ უახლოეს მომავალში საქართველოს პარლამენტი სრულად ხელმისაწვდომი გახდება მობილობისა და მხედველობის შეზღუდვის მქონე პირებისათვის. დღევანდელ შეხვედრაზე წარმოგიდგენთ სწორედ პარლამენტის თბილისის შენობის ადაპტირების გეგმას, რომელიც რამდენიმეთვიანი, სისტემატური და თანმიმდევრული მუშაობის შედეგად, ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმით აღებული ვალდებულების ფარგლებში შემუშავდა.
ასევე, მინდა გაცნობოთ, რომ იგეგმება ქუთაისის შენობის რეაბილიტაცია, როგორც მიმდებარე ტერიტორიის, ასევე, თავად შენობის რეაბილიტაცია და იქაც, რა თქმა უნდა, აქტიურად იქნება გათვალისწინებული შესაბამისი და მე პირადად, აქტიურად ვიქნები ჩართული შესაბამის დაგეგმვაში“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.