ლუგანსკის დეფაქტო ლიდერს არაღიარებული რესპუბლიკის ტერიტორია არ დაუტოვებია. ამის შესახებ იგორ პლოტნიცკიმ საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა. მან ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი იგორ კორნეტი სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მცდელობაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა და მას პასუხისგებაში მიცემით დაემუქრა.
ვითარება ლუგანსკში მას შემდეგ დაიძაბა, რაც პლოტნიცკიმ კორნეტი თანამდებობიდან გაათავისუფლა, დეფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრი კი მის ბრძანებას არ დაემორჩილა. კორნეტის მომხრეებმა პროკურატურა და ადმინისტრაციული შენობები დაიკავეს და რამდენიმე მაღალჩინოსანი დააპატიმრეს.