დათა ახალაია არის გირგვლიანის დანაშაულის ორგანიზატორი, შემკვეთი და ბრძანების გამცემი, - ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოში კუდის ყოფილი უფროსის, დავით ახალაიას დისტანციურად დაკითხვის შემდეგ, პროკურორმა ირაკლი ნადარეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, დათა ახალიას, მისი როგორც ერთადერთი დაცვის მოწმის ჩვენების მიცემის არსი მდგომარეობდა იმაში, რომ მას უერყო პრეზიდენტის მიერ შეწყალების შეპირების მიცემა.
"2013 წლის აპრილის თვეში პრეზიდენტმა განაცხადა, რომ დათა ახალაია მას სულ სამჯერ ჰყავს ნანახი. დღევანდელ სასამართლო სხდომაზე კი, დავით ახალაიამ დაადასტურა, რომ მას პრეზიდენტი სამჯერ კი არა, არაერთხელ ჰყავდა ნანახი, მასთან იმყოფებოდა, როგორც შავნაბადაში, ასევე სახელმწიფო კანცელარიის შენობაში. ფაქტი ერთია, 2013 წელს პრეზიდენტმა სააკაშვილმა დათა ახალიასთან ურთიერთობები შესახებ იცრუა. დათა ახალაიამ პროკურორის არც ერთი დასმულ შეკითხვას არ უპასუხა და ამას თითქოს იმ მოტივით ხსნიდა, რომ მისი პასუხები მისივე საწინააღმდეგოთ იქნებოდა გამოყენებული. დათა ახალაიას ჩართვა დაცვის მხარის ბოლო შანსი იყო დაემტკიცებინა მიხეილ სააკაშვილის უდანაშაულობა, რაც არადამაჯერებელი გამოვიდა", - განაცხადა ნადარეიშვილმა.
მისივე თქმით, დათა ახალაიამ მიხეილ სააკაშვილთან ერთად, სწორედ აღნიშნულ ეპიზოდში ბრალდებულია და მის მიმართ არაერთი საქმე განიხილება. მისივე განცხადებით, ლოგიკურია, როცა ერთ საქმეზე ორი ბრალდებული ერთმანეთის სასარგებლო ჩვენებას აძლევს, მხოლოდ და მხოლოდ პასუხისმგებლობის თავიდან აცილებითაა განპირობებული.
რაც შეეხება ბრალდებულ ახალაიას პრეტენზიას პროკურორის კითხვების მიმართ, რომ ის უშუალოდ სააკაშვილის ბრალდების ეპიზოდს კი არა, მის ბრალდებას ეხებოდა, პროკურორმა განაცხადა, რომ ყველა კითხვა ამ საქმეს უკავშირდებოდა.
"დათა ახალაია არის გირგვლიანის დანაშაულის ორგანიზატორი, შემკვეთი და ბრძანების გამცემი. შესაბამისად, მისი ჩვენების სანდოობა ბრალდების მხარისთვისა და საზოგადოებისთვისაც კითხვებს ბადებს, ამიტომ ჩვენ ვცადეთ, დეტალურად აღგვედგინა მისი მოღვაწეობის დაწყებიდან-ბოლო პერიოდამდე, თუ რა ურთიერთობაში იყო მიხეილ სააკაშვილთან, თაკო სალაყაიასთან. ეს ურთიერთობები სააკაშვილის ბრალდებასთან პირდაპირ კავშირშია. სააკაშვილის ბრალდება არ არის ცალკე კონტექსტიდან ამოგლეჯილი. სააკაშვილის მიერ განხორციელებული შეწყალება - ეს არის გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებული პირების მიმართ ერთიანი შეპირების განუყოფელი ნაწილი", - დასძინა ნადარეიშვილმა.