სეპარატისტული აფხაზეთის ე. წ. პრეზიდენტობის მსურველებმა, ანუ ვიტალი ბგანბამ, ბესლან ბუთბამ და ზაურ არძინბამ, აფხაზური ენის ცოდნაში ლინგვისტურ კომისიაში შემოწმება გაიარეს.
ლინგვისტური კომისიის თავმჯდომარის ალექსეი კასლანძიას ინფორმაციით, კომისიამ მათ მიერ აფხაზური ანუ ე. წ. სახელმწიფო ენის ცოდნა საკმარისად შეაფასა.
როგორც აფხაზური მედია აღნიშმავს, იმასთან დაკავშირებით, რომ ბაღაფშმა და ჯახიმბამ 2004 წელს მიმდინარე საპრეზიდენტო კამპანიის დროს უკვე მოახდინეს აფხაზური ენის კარგი ცოდნის დემონსტრირება, ლინგვისტურმა კომისიამ გადაწყვიტა, მათთვის ამჟერად გამოცდა არ ჩაეტარებინათ. თუმცა, კასლანძიას თქმით, მათ თავად გამოთქვეს სურვილი კომისიაში მოსვლისა და ტესტირების გავლისა.
აფხაზური მხარე ასვე აღნიშნავს, რომ მოთხოვნა ყველა კანდიდატისადმი ერთნაირი იყო. მათ აფხაზურ ენაზე ხმამაღლა უნდა წაეკითხათ ტექსტი და შემდეგ იგი უნდა მოეყოლათ. ამას გარდა, გამოცდა ასევე გულისხმობდა ე. წ. პრეზიდენტობის კანდიდატთა და კომისიის წევრთა თავისუფალ დიალოგს და კითხვებზე პასუხის გაცემას.
ლინგვისტური კომისიის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ყველა ე. წ. კანდიდატი "სახელმწიფო ენას" თავისუფლად ფლობს.
შეგახსნებთ, რომ ე. წ. საპრეზიდენტო არჩევნები აფხაზეთში 12 დეკემბერს გაიმართება. აფხაზური მხარის ინფორმაციით, ანალიტიკოსები აფხაზეთის ე. წ. მოქმედი პრეზიდენტის სერგეი ბაღაფშის შანსებს საპრეზიდენტო არჩევნებში მაღალ შეფასებას აძლევენ და მიიჩნევენ, რომ მისი ძირითადი კონკურენტი ყოფილი ე. წ. ვიცე-პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა იქნება.
აღსანიშნავია, რომ სეპარატისტული აფხაზეთის ე. წ. ცესკოში აფხაზეთის ე. წ. პრეზიდენტობის კანდიდატებად უკვე წარდგენილნი არიან: აფხაზ სეპარატისტთა ლიდერი სერგეი ბაღაფში, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი ვიტალი ბგანბა, ყოფილი ე. წ. ვიცე-პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა, აფხაზეთის ეკონომიკური განვითარების პარტიის ლიდერი ბესლან ბუთბა და ე. წ. სახელმწიფო კომპანიას "აფხაზეთის საზღვაო სანაოსნოს" ხელმძღვანელი ზაურ არძინბა.
რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ე. წ. საპრეზიდენტო არჩევნები 35 ოლქში ანუ 186 საარჩევნო უბანში გაიმართება. კიდევ ორი საარჩევნო უბანი შექმნილია მოსკოვსა და ჩერკეზკში.