ხვალ, 17 ივლისს, დიდი ქართველი მწერლის, ვაჟა-ფშაველას გარდაცვალებიდან 95 წელი შესრულდება. ვაჟა-ფშაველა 1915 წლის 17 ივლისს, 54 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ვაჟა-ფშაველა (ლუკა პავლეს ძე რაზიკაშვილი) 1861 წლის 14 ივლისს დუშეთის რაიონის სოფელ ჩარგალში დაიბადა. 8 წლამდე ჩარგალში იზრდებოდა მამის, სოფლის მღვდლის პავლეს და დედის, ბარბალე (გულქან) ფხიკელაშვილის წვრილშვილიან ოჯახში (ვაჟა-ფშაველას ძმებიც ბაჩანა და თედო რაზიკაშვილები ცნობილი მწერლები გახდნენ). სწავლობდა თელავის სასულიერო სასწავლებელში, 1877-1879 _ თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტთან არსებულ ორკლასიან სამოქალაქო სასწავლებელში, 1879-იდან გორის სამასწავლებლო (საოსტატო) სემინარიაში, რომელიც 1882 წელს დაამთავრა. ერთხანს ამტნისხევში მასწავლობლობდა, 1883-1884 წლებში პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის თავისუფალი მსმენელი იყო.
ხელმოკლეობის გამო, მალე დატოვა უნივერსიტეტი და რამდენიმე წელიწადს მუშაობდა ჯერ ოთარაშენში, ამილახვარის ოჯახში, შინამასწავლებლად, შემდეგ დიდი თონეთის სოფლის სკოლაში. 1888-იდან ჩარგალში ცხოვრობდა, სხვა გლეხებივით ხნავდა მიწას, უვლიდა საქონელს და ნადირობდა. მთის ხალხში დიდი გავლენით სარგებლობდა. იშვიათად ჩამოდიოდა ბარად. ფშაური ზამთრის გრძელ ღამეებში დაიწერა მისი პოემები, მოთხრობები და ლექსები.
ვაჟა-ფშაველას ნაწერები პოეტის სიცოცხლეში ცალკე წიგნად იშვიათად იბეჭდებოდა (მოთხრობათა კრებული, 1889, 1898; "თხზულებანი", 1899; "ცრემლები", 1909 და სხვები). 1925-56 ა. აბაშელის თაოსნობით გამოქვეყნდა მწერლის თხზულებათა ყველაზე სრულყოფილი კრებული შვიდ ტომად. ვაჟა-ფშაველას ნაწერები თარგმნილია რუსულ (მთარგმნელები ვ. დერჟავინი, ნ. ზაბოლოცკი, ო. მანდელშტამი, ბ. პასტერნაკი, მ. ცვეტაევა და სხვები), ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ და სხვა ენებზე. მშვიდობის მსოფლიო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1961 წელს მთელ მსოფლიოში აღინიშნა მისი დაბადებიდან 100 წლისთავი.
ვაჟა-ფშაველა 1915 წლის 17 ივლისს თბილისში გარდაიცვალა. დაკრძალულია მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.