უზბეკეთი შესაძლოა დაისაჯოს იმისათვის, რომ 29 წლის საიფულო საიპოვი, რომელმაც ნიუ-იორკის ტერაქტი განახორციელა, აშშ-ში სწორედ ამ ქვეყნიდან ჩავიდა. შეერთებული შტატები არ გამორიცხავს უზბეკეთი იმ ქვეყმების სიაში შეიყვანოს, რომელთა მოქალაქეებისთვის ამერიკის ტერიტორიაზე შესვლა შეზღუდულია.
„ჩვენ გვაქვს უამრავი კრიტერიუმი, რომლის თანახმად, განვსაზღვრავთ თუ რომელი ქვეყნები უნდა იყოს ამ სიაში“, -განაცხადა თეთრი სახლის პრეს-მდივანმა სარა სანდერსმა ბრიფინგზე.
მისი თქმით, ამ დროისათვის უზბეკეთი არ ფიგურირებს იმ ქვეყნების ჩამონათვალში, თუმცა პრეზიდენტის ადმინისტრაცია მომავლში არაფერს გამორიცხავს.
უზბეკეთის მკვიდრი საიფულო საიპოვი 31 ოქტომბერს სატვირთო ავტომობილით ველოსიპედიტსებსა და ქვეითებს დაეჯახა, რის შედეგადაც დაიღუპა 8 და დაშავდა 12 ადამიანი. გამოძიების აზრით, ის „ისლამური სახელმწიფოს“ ინტერსებით მოქმედებდა.