ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებულ მერიის ყოფილი მაღალჩინოსნის, ოთარ აბესაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. ამის შესახებ „ჯი-ეიჩ-ენს“ აბესაძის ადვოკატმა, ლილი გელაშვილმა განუცხადა.
„დაკავების მომენტიდან მოყოლებული დღემდე, ის არათუ შეეგუა იმას რაც მოხდა, არამედ ყოველი დღე მის მდგომარეობას ამძიმებს. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა დამძიმდა. ის აბსოლუტურად არაადეკვატურია. მაგალითად, როცა რაღაცაზე ვსაუბრობთ, წინადადების დასაწყისში აბსოლუტურად სხვაზე საუბრობს, წინადადების დასასრულში აბსოლუტურად სხვაზე. კონტაქტიც კი გარკვეულწილად გაძნელებულია, დეპრესიული ფონი აქვს და საუბრისას გაბნეულია. მოგეხსენებათ, ის განათლებული ახლაგაზრდაა, არც მეტყველება უჭირს და არც ლექსიკის პრობლემა აქვს, მაგრამ საუბრის დროს ის რაღაც მომენტში ითიშება, სადღაც „სხვაგან“ არის, რაღაცას რომ ჩაეკითხები, პასუხი არაადეკვატური აქვს“, - აღნიშნავს გელაშვილი.
რაც შეეხება იმას, იკვეთება თუ არა იმის აუცილებლობა რომ აბესაძე ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოათავსონ, ადვოკატი ამ საკითხზე საუბრისგან თავს იკავებს.
„უკაცრავად, ამ აზე საუბრისგან და დაკონკრეტებისგან თავს შევიკავებ“, - განაცხადა აბესაძის უფლებადამცველმა.
აბესაძეს ადვოკატები გასულ კვირას შეხვდნენ და მასთან საქმის გარშემო ისაუბრეს. ბრალდებული მისი საქმის განხილვაში აქტიურად არის ჩართული, შესაბამისად, დღევანდელ პროცესზე მისი არ გამოცხადება ადვოკატებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა.
„აბესაძეს წინა კვირას შევხვდით. ვისუაბრეთ იმ თემებზე, რაც დღევანდელ სასამართლო სხდომაზე უნდა განგვეხილა. დღევანდელი სასამართლო სხდომა განცხადებით რომ დაიწყო, ჩვენთვისაც მოულოდნელი იყო და შევშფოთდით. სწორედ ამის გამო ვითხოვეთ პროცესის გადადება“, - აღნიშნა ადვოკატმა.
როგორც გელაშვილი აცხადებს, აბესაძეს დღეს სხვა ადვოკატი მოინახულებს და მისი მდგომარეობის შესახებ ზუსტი ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.
„საქმეში სხვა ადვოკატებიც ჩაერთვნენ, მათ ვთხოვეთ აბესაძესთან დღესვე შესულიყვნენ და გაგვერკვია მისი მდგომარეობა. მთავარი სამართლებრივი შედეგი და გზებია, მაგრამ უპირველესი ადამიანის სიცოცხლის უფლებაა. ახლა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ყველაზე მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა ადვოკატმა.
კითხვაზე, ნამდვილად აბესაძის სურვილი იყო ის დღევანდელ სხდომაზე არ გამოცხადებულიყო, თუ მასზე ვინმეს მხრიდან ზეწოლა განხორციელდა, ადვოკატი პასუხობს, რომ ზეწოლა გამორიცხულია.
„ამის თქმის საფუძველი ნამდვილად არ გვაქვს. საჯელაღსრულებასთან და ციხის ადმინისტრაციასთან, სადაც ის იმყოფება, არანაირი ორეტენზია გვაქვს. პირიქით, აბესაძე მათი მხრიდან განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშაა და ყველანაირ პირობას უქმნიან, რომ როგორც პატიმარი ნორმალურ პირობებში იყოს“, - განაცხადა გელაშვილმა.
შემდეგი სასამართლო პროცესი 10 ნოემბერსაა ჩანიშნული.
შეგახსენებთ, რომ ოთარ აბესაძე ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარე წლის 12 ივნისს დააკავეს.