ერდოღანი თანამემამულეებს თურქეთის რესპუბლიკად გამოცხადების 94-ე წლისთავს ულოცავს:
,,ჩვენი მომავლის იმედო, საყვარელო ახალგაზრდებო, ჩემო ძვირფასო დებო და ძმებო, დღეს, თურქი ხალხი ზეიმობს ჩვენი დიადი ისტორიის ყველაზე მნიშვნელოვან და გარდამტეხ თარიღს, რესპუბლიკად გამოცხადების 94-ე წლისთავს. ჩვენი ქვეყნის შიგნით და მის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ, მილიონობით ჩვენს თანამემამულეს, ყოველ თქვენგანს, ვულოცავ რესპუბლიკის დაარსების დღეს. ასევე, მინდა დიდი პატივით მოვიგონო ჩვენი დაღუპული გმირები, რომლებმაც ათასწლეულის მანძილზე თავი გაწირეს სამშობლოს დასაცავად და ვარდის გაუშლელი კვირტებივით ჩაესვენენ მიწაში. ღმერთმა აცხონოს მათი სულები. ჩვენი რესპუბლიკის დამაარსებლის, სამამულო ომის გამარჯვებული სარდლის, გაზი მუსტაფა ქემალ ათათურქის მეთაურობით, პატივს მივაგებ ყველა ჩვენი გმირის ხსოვნას. ასწლეულების მანძილზე, თურქი ხალხი უმალ სიკვდილს არჩევდა, ვიდრე დათმობდა თავისუფლებასა და ღირსებას. თურქეთის რესპუბლიკა არის, ამ გმირი ხალხის გაბრწყინებისა და ფერფლიდან აღდგომის სიმბოლო. თურქმა ერმა, 1923 წლის 29 ოქტომბერს, კიდევ ერთხელ, მთელ მსოფლიოს დაუმტკიცა საკუთარი სისხლითა და თავდადებით, რომ არავის მისცემდა თავისი მისწრაფებებისა და მომავლის შეებღალვის უფლებას. ჩვენმა გმირმა სარდალმა, რომელსაც დიდი ღვაწლი მიუძღვის ჩვენი ხალხის უშიშარ და შეუპოვარ ბრძოლაში, ერთხელ მოსწრებულად აღნიშნა, რომ „ავადმყოფად“ შერაცხული ოსმალეთის მემკვიდრეობის ხელში ჩასაგდებად ანატოლიამდე ჩასული დამპყრობლები „ისევე წავიდნენ, როგორც მოვიდნენო“. დღესაც ცოცხლობს და მხნეა ის შემართება, რომელმაც 94 წლის წინ გამარჯვებით დააგვირგვინა ჩვენი სამამულო ომი და სული შთაბერა ჩვენს რესპუბლიკას. სწორედ, ამ შემართების გამოხატულებაა ჩვენი ხალხის ის მედგარი წინააღმდეგობა, რაც 2 ათას 193 მებრძოლმა გასწია 15 ივლისის ღალატის დროს, რომელმაც 250 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. იმ ღამეს ქალი თუ კაცი, ახალგაზრდა თუ მოხუცი, ჩვენი საზოგადოების ყოველი წევრი, ერთად გამოვიდა საკუთარი მისწრაფებების, ფასეულობებისა და რესპუბლიკის მონაპოვარის დასაცავად. ჩვენ ამაყები ვართ იმით, რომ ასეთი გამოჩენილი, გმირი, დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი საზოგადოების წევრები ვართ. ჩვენ დღედაღამ ვმუშაობთ იმისთვის, რომ ყოველგვარი დაყოფის გარეშე, თავდადებით ვემსახუროთ ჩვენს ქვეყანას. ბოლო 15 წლის განმავლობაში, დემოკრატიიდან თავისუფლებამდე, ბიზნესიდან ინვესტიციებამდე, ჯანდაცვიდან საგარეო პოლიტიკამდე, ყველა სფეროში განხორციელებული რეფორმები არის ამ ჩვენი სურვილის ნათელი დადასტურება. დღეს, მსოფლიოში ყველა ჩაგრულისა და მსხვერპლის იმედის კარი თურქეთია. სწორედ ამიტომ ვართ ჩვენ სისხლიანი ტერორისტული ორგანიზაციების სამიზნე. ისეთ მკვლელთა ურდოებს, როგორებიცაა: DEAŞ, PKK, PYD/YPG და FETÖ არ მივეცით და არ მივცემთ უფლებას, წან აღუდგნენ ჩვენს მიზნებს. საგაზეთო სათაურებთან, სხვადასხვა ხრიკებთან და გარს მოჯარულ პაიკებთან ჭიდილში ჩვენ ვაგრძელებთ, 2023-ის მიზნისკენ მიმავალ გზაზე სიარულს. ჩვენი მეგობრებისა და ძმების მხარდაჭერით, იმ ჩაგრულების ლოცვით, რომლებსაც იმედის მზერა ჩვენკენ ააქვთ მოპყრობილი, ხალხის ერთობითა და თანადგომით ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ მიზანს. ამ სულისკვეთებით, მინდა კიდევ ერთხელ მოგილოცოთ ჩვენი ქვეყნის საამაყო დღე, 29 ოქტომბერი, რესპუბლიკის დაარსების დღესასწაული და ჯანმრთელობა, მშვიდობა და კეთილდღეობა ვუსურვო ჩვენს ხალხს. ღმერთმა ნათელში ამყოფოს გმირულად დაღუპულთა სულები! გილოცავთ, ჩვენი რესპუბლიკის დაარსების 94-ე წლისთავს“, - ნათქვამია თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის განცხადებაში.