პოლონეთში გამართულ „ტოფიფესტ“კინოფესტივალის დაჯილდოვებაზე მარიამ ხაჭვანის ფილმმა „დედე“ საუკეთესო რეჟისორის პრიზი და სტატუსი დაიმსახურა.
ფილმმა საფრანგეთში გამართულ მონპელიეს კინოფესტივალზე კი მაყურებლის ჯილდო მოიპოვა.
მარიამ ხაჭვანის ახალი ნამუშევარი არაერთი საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზიორია, მათ შორის, კარლოვი ვარის კინოფესტივალზე სექციაში East of the West ჟიურის პრიზის მფლობელი გახდა.
ფილმი სვან გოგონაზე მოგვითხრობს, რომელიც სიყვარულისთვის იბრძვის და იმარჯვებს კიდეც. „დედეს" გადაღებები სვანეთში, ყაზბეგსა და კასპში მიმდინარეობდა. ფილმის უმეტესი ნაწილი სვანურ ენაზეა.
კინოპროექტი „დედე” ეროვნული კინოცენტრის, Doha Film Institute-სა და სანდენსის კინოფესტივალის მხარდაჭერით განხორციელდა.
ფილმს პირველი წარმატება საპილოტე ვერსიამ „დინოლა“ მოუტანა, რომელიც 18 საერთაშორისო კინოფესტივალზე მთავარი პრიზების მფლობელი გახდა.
„დედეს" პრემიერა საქართველოში ბათუმის კინოფესტივალზე შედგება, თბილისში მისი ნახვა კი ნოემბერში იქნება შესაძლებელი.