ისლანდიელი მუსიკოსი ბიორკი უკვე საქართველოშია. ის თბილისში დღეს გამთენიისას ჩამოფრინდა.
ცნობისთვის, ბიორკი კონცერტებს 31 ოქტომბერს თბილისის საკონცერტო დარბაზსა და 3 ნოემბერს ოპერისა და ბალეტის თეატრში გამართავს.
დაგეგმილ კონცერტებთან დაკავშირებით, თბილისს ასევე ცნობილი ისლანდიელი, ახალგაზრდა დირიჟორი, ბარნი ფრიმან ბარნასონი ესტუმრება. ბარნასონი ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრს ორივე კონცერტზე უდირიჟორებს.
ბიორკის პროგრამა ორივე კონცერტის შემთხვევაში იდენტური იქნება. კომპოზიციები, ძირითადად, მისი 2015 წლის ალბომიდან „Vunicura“ შესრულდება. „Vulnicura Strings“ ალბომის აკუსტიკური ვერსიაა, რომელიც სიმებიან საკრავებზეა დაფუძნებული. ბიორკი ცნობილ კომპოზიციებს სწორედ ორკესტრის სიმებიანი საკრავების თანხლებით შეასრულებს.
ოპერის თეატრში დაგეგმილ კონცერტზე ბილეთები სრულად და 25 ქვეყნის მასშტაბით გაყიდულია, ხოლო ფილარმონიის კონცერტზე დარჩენილია ბილეთების ნაწილი, რომელთა ფასიც 200-დან 590 ლარამდე მერყეობს.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ბიორკის სურვილია, კონტრაქტით გათვალისწინებული ვალდებულებების მკაფიოდ დაცვის გარდა, საქართველოში კონცერტების დროს კულისები მთლიანად ყვავილებით იყოს მორთული. როგორც SOU festival-ის წარმომადგენლები ამბობენ, ბიორკის მოთხოვნა, რასაკვირველია, შესრულდება.
Björk კონცერტის გარდა, დაგეგმილია ისლანდიელი მუსიკოსის საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, კახეთში, იმერეთში, სხვანეთში, გურიასა და მაღალმთიან აჭარაში მოგზაურობა.
შეგახსენებთ, კონცერტებს თანამედროვე მუსიკისა და ვიზუალური ხელოვნების ფესტივალი SOU და სასტუმროების ქართული ბრენდი ROOMS HOTELS წარმოადგენს.