კორეის რესპუბლიკაში, ქ. სეულში შოთა რუსთაველის 850 წლისთავისა და „ვეფხისტყაოსნის“ კორეულ ენაზე შესრულებული ორი თარგმანისადმი მიძღვნილი ღონისძიება „ქართული პოეზიის საღამო“ გაიმართა.
პოეზიის საღამოზე დამსწრე სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ოთარ ბერძენიშვილმა, რომელმაც ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ ორი თარგმანი კორეულ ენაზე დიდი შენაძენია როგორც ქართველებისათვის, ისე კორეელი მკითხველისათვის.
საელჩოს მხარდაჭერით, სპეციალურად ქართული პოეზიის საღამოსათვის კორეელმა ვიოლინისტმა, ბუსანის სასწავლო უნივერსიტეტის მუსიკის პროფესორმა ბეკ ჰიუნ-კიუნგმა და გვანჯუს უნივერსიტეტის სტუდენტთა ვოკალურმა ჯგუფმა პროფ. ლიმ ჯე-ჩოლის ხელძღვანელობით შეასრულეს ქართული სიმღერები და კომპოზიციები. ღონისძიების ფარგლებში ნაჩვენები იქნა პროფ. ჩო ჯუ-კვანის მიერ მომზადებული ვიდეო-რგოლი „ვეფხისტყაოსნისა“ და საქართველოს შესახებ. აღსანიშნავია, რომ „ვეფხისტყაოსნის“ კორეულ ენაზე თარგმნების ავტორები არიან პროფესორები ჩო ჯუ-კვანისა და ჰო სინგ-ჩოლის მიერ.
საღამოზე მოწვეული იყვნენ კორეის პარლამენტისა და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები, ქვეყნის უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები, კორეის რესპუბლიკაში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების მეთაურები და სეულში მცხოვრები ქართველები. სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ დაეგემოვნებინათ ქართული ღვინო.
ღონისძიება კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსა და კორეის წამყვანი სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების ASAN Institute-ის ორგანიზებით მოეწყო.
24 ოქტომბერს, ელჩმა ოთარ ბერძენიშვილმა სეულში მდებარე ჰანკუკის უცხოურ ენათა უნივერსიტეტში გამართა საჯარო ლექცია თემაზე „საქართველო: უძველესი ერი და თანამედროვე სახელმწიფო“.
ლექციის ფარგლებში უნივერსიტეტის დამსწრე პროფესურასა და სტუდენტებს მიეწოდათ ვრცელი ინფორმაცია საქართველოს ისტორიის, კულტურის, გეოგრაფიის, ანბანის, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისათვის ბრძოლისა და ქვეყნის თანამედროვე მიღწევების შესახებ.
ლექციის შემდგომ, აუდიტორიას საშუალება მიეცა კითხვა-პასუხის რეჟიმში ელჩისგან, საქართველოს შესახებ, დამატებითი ინფორმაცია მიეღოთ.