ლეგენდარული ისლანდიელი მუსიკოსის საქართველოში დაგეგმილ კონცერტებთან დაკავშირებით თბილისს, ასევე ცნობილი ისლანდიელი, ახალგაზრდა დირიჟორი, ბარნი ფრიმან ბარნასონი ესტუმრება. ბარნასონი ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრს, ორივე კონცერტზე - 31 ოქტომბერს და 3 ნოემბერს უდირიჟრებს.
ბარნი ფრიმან ბარნასონი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი გამორჩეული და ნიჭიერი არტისტი, 2016 წელს ისლანდიაში ნაციონალური მუსიკის ორდენით დააჯილდოვეს.
როგორც დირიჟორი, პიანისტი, ვიოლინისტი და კომპოზიტორი, რამოდენიმე მნიშვნელოვან პროექტში იყო ჩართული. სწორედ მან მოამზადა კამერული ორკესტრი ანა თორვალდშდოტირის ოპერის - UR-ის მსოფლიო პრემიერისთვის. ბარნასონი ასევე ხელმძღვანელობს Shark-ის სიმებიან ანსამბლს, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ინოვაციურ ლოკაციებზე, ახალი მუსიკის შესრულებითაა ცნობილი. როგორც აქტიური მუსიკოსი, ის ფორტეპიანოსა და ვიოლინოზე ევროპის მასშტაბით სოლო ღონისძიებებს მართავს .
გასული წლის დასაწყისში სწორედ ის ხელმძღვანელობდა ბიორკის ალბომის, „Vulnicura“-ს სიმებიან კონცერტს ისლანდიაში.
ცნობილია, რომ ბიორკის პროგრამა საქართველოში ჩასატარებელი ორივე ღონისძიების განმავლობაში იდენტური იქნება, რომელიც ძირითადად მის 2015 წლის ალბომს, „Vunicura“-ს ეხება. „Vulnicura Strings“ ალბომის აკუსტიკური ვერსიაა, რომელიც სიმებიან საკრავებზეა დაფუძნებული. ბიორკი ცნობილ კომპოზიციებს სწორედ ორკესტრის სიმებიანი საკრავების თანხლებით შეასრულებს.
ბიორკის განცხადებით: „ჩემთვის ალბომებში ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო აკუსტიკური და ელექტრონული მუსიკის სინთეზი, თუმცა ბოლო პერიოდის განმავლობაში მივხვდი რომ ადამიანებისთვის ზოგჯერ საჭიროა ტექნოლოგიისგან დისტანცირება და მთლიანად აკუსტიკურ ინსტრუმენტებზე დაყრდნობილი მუსიკალური თავგადასავალი. ჩემთვის სიმები ადამიანის ნერვულ სისტემას ჰგავს. ხმა და ჩასაბერი ინსტრუმენტები ფილტვებია. ბიტები ცეკვასა და გულის ცემას მოგვაგონებს. მაგრამ როდესაც სიმებიან ინსტრუმენტებზე მიდგება საქმე, ამ დრო ჩვენი ნერვები ვიბრირებენ. სწორედ ამის გამოა რომ ყველას დადებითი დამოკიდებულება გვაქვს სიმების მიმართ, განსაკუთრებით მაშინ როდესაც რთულ პერიოდს გავდივართ ცხოვრებაში“
საქართველოში ბიორკის კონცერტების წარმდგნი მუსიკალური პლატფორმა SOU და სასტუმროების ქართული ბრენდი ROOMS HOTELS -ია.
შეგახსენებთ რომ ოპერის თეატრში გასამართ ღონისძიებაზე ბილეთები სრულად და 25 ქვეყნის მასშტაბით გაყიდულია, ხოლო ფილარმონიის კონცერტზე დარჩენილია ბილეთების ნაწილი (ფასი 200 ლარიდან).