დღეს, 14 ივლისს, ქართველ მწერალს, ნოდარ დუმბაძეს დაბადებიდან 81 წელი შეუსრულდებოდა. მწერლის ხსოვნის პატივსაცემად მის საფლავთან, თბილისში, საბავშვო ქალაქ "მზიურში", ოჯახის წევრები და მისი შემოქმედების თაყვანისმცემლები შეიკრიბებიან.
ნოდარ დუმბაძე 1928 წლის 14 ივლისს თბილისში დაიბადა. თბილისის მე-15 სკოლის მოსწავლე ნოდარ დუმბაძე საცხოვრებლად გადავიდა ჩოხატაურის რაიონის სოფელ ხიდისთავში ბებიასთან და ბაბუასთან. სკოლის დამთავრების შემდეგ, 1945 წელს ნოდარ დუმბაძე სწავლის გასაგრძელებლად თბილისში დაბრუნდა და სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკურ ფაკულტეტზე.
1967-72 წლებში იყო ჟურნალ "ნიანგის" რედაქტორი. 1972 წლიდან მწერალთა კავშირის გამგეობის მდივანი და სსრკ მწერალთა კავშირის გამგეობის წევრი. ჟურნალის "მოლოდაია გვარდია" სარედაქციო კოლეგიის წევრი.
1950 წლიდან დუმბაძის ლექსები და იუმორისტული მოთხრობები იბეჭდებოდა პრესაში. მოთხრობების პირველი კრებული "სოფლელი ბიჭი" გამოქვეყნდა 1960 წელს.
მწერალს აღიარება მოუპოვა პირველივე რომანებმა: "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი" (1960) და "მე ვხედავ მზეს" (1962). ნოდარ დუმბაძის რომანებისა ("მზიანი ღამე" (1967), "ნუ გეშინია, დედა!" (1971), "თეთრი ბაირაღები" (1973).
მოთხრობებისთვის 1975 წელს მიენიჭა შოთა რუსთაველის სახელმწიფო პრემია.
თხრობის ლირიზმმა და განუმეორებელმა იუმორმა განაპირობა მწერლის პოპულარობა. დუმბაძის თხზულებები თარგმნილია რუსულ, უკრაინულ, მოლდავურ, სომხურ, აზერბაიჯანულ, ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ, ესპანურ, პოლონურ, იაპონურ, თურქულ, არაბულ და სხვა ენებზე.
დუმბაძის ოთხივე რომანი გადაკეთდა პიესებად. დაიდგა ქართულ, სხვა რესპუბლიკებისა და უცხო ქვეყნების სცენებზე.
გადაღებულია კინო-ფილმები: "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი" (1962 წ. რეჟისორი თ. აბულაძე), "მე ვხედავ მზეს" (1965 წ. რეჟ. ლ. ღოღობერიძე), "გზა მშვიდობისა, ჯაყო!", "ნუ გეშინია, დედა!" (1972 წ. რეჟ. მ. კოკოჩაშვილი). ნ. დუმბაძეს ეკუთვნის ლექსებისა და მოთხრობების რამდენიმე კრებული. დაჯილდოებული იყო საპატიო ნიშნის ორდენებითა და მედლებით. გარდაიცვალა 1983 წელს.