კონსერვატიული პარტიის ლიდერი, კახა კუკავა მიხეილ საკაშვილს სასამართლოსათვის პოლიტიკური ოპონენტების მიმართ გამამტყუნებელი განაჩენების დაკვეთაში ადანაშაულებს.
კახა კუკავას განცხადებით, მისთვის ცნობილი გახდა, რომ 2009 წლის 21 აპრილს, შიდა ქართლში პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებულის, მიხეილ ქარელის მიმართ განაჩენის ასლი, გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლის ნიკოლოზ მარსაგიშვილის დავალებით გადაეგზავნა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას. კუკავას თქმით, როგორც წერილიშია მითეთებული პრეზიდენტის ადმინისტრაციას ეცნობა ქარელისთვის გამამტყუნებელი განაჩენის დადგენის შესახებ.
"ეს ფაქტი პირდაპირ ადასტურებს იმას, რომ პოლიტიკურ ოპონენტების მიმართ გამამტყუნებელი განაჩენების დაკვეთას მიხეილ საკაშვილი იძლეოდა. განსხვავებით სხვა შემთხვევებისა სადაც ასეთი დაკვეთების პირდაპირი მტკიცებულებები არ არსებობს, ამ შემთხვევაში არსებობს კონკრეტული წერილობით დოკუმენტი", _ აცხადებს კახა კუკავა.
კონსერვატიული პარტია მიმართავს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს _ დაიწყოს დისციპლინური სამართალწარმოება და მოსამართლე მარსაგიშვილს შეუწყდეს უფლებამოსილება. კონსერვატორები მიმართავენ ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დიპლომატიურ კორპუსს, მოითხოვონ საქართველოს ხელისუფლებისაგან აღნიშნულ საქმეზე განხორციებული რეაგირების შესახებ ანგარიში.
"ასევე მივმართავთ საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების პირველ პირებს ბაქრაძეს, გილაურს და კუბლაშვილს, პირად კონტროლზე აიყვანონ აღნიშნულ საქმეზე იუსტიციის საბჭოს მიერ განხორციელებული რეაგირება. თხოვნით მივმართავთ საერთაშორისო ორგანიზაციებს და დიპლომატიურ კორპუსს მოითხოვონ საქართველოს ხელისუფლებისაგან ამ კონკრეტულ საქმეზე განხორციებული რეაგირების შესახებ ანგარიში.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ ქარელის საქმეზე განაჩენი გორის რაიონულმა სასამართლომ 2009 წლის 25 მარტს გამოიტანა. განაჩენის მიხედვით, ძებნაში მყოფი მიხეილ ქარელი ცნობილი იქნა დამნაშავედ კანონიერი სამეწარმეო საქმიანობისათვის ხელის შეშლის (სსკ-ს 190-ე მუხლი), სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების (333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტი), სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობის (337-ე მუხლი) და ქრთამის აღების (338-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" ,,გ" ,,დ" და ,,ე" ქვეპუნქტებით) ბრალდებებით და სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 16 წლის ვადით.