„2017 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა ჯერ არ დაწყებულა, მაგრამ საორგანიზაციო ჯგუფი უკვე სამომავლო გეგმებს აწყობს“, - ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Actualitte წერს.
მედიასაშუალების ცნობით, 2018 წელს, წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარი საქართველო იქნება. აღნიშნულ სტატუსს საქართველოს საფრანგეთი გადასცემს.
"წლევანდელ ღონისძიებაზე, 12 ოქტომბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორ მედეა მეტრეველთან და გერმანულენოვან ქართველ დრამატურგ, რეჟისორ და მწერალ ნინო ხარატიშვილთან ერთად 2018 წლის პროგრამის პრეზენტაციას გამართავს.
პრეზენტაციას დაესწრება ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის დირექტორი იურგენ ბოსი.
2018 წელს, საქართველოს პროგრამის ნაწილი ქართული კულტურა და ლიტერატურა, ასევე ავტორები იქნება, თუმცა ძირითადი აქცენტი უნიკალურ, ქართულ დამწერლობაზე გაკეთდება.
აღსანიშნავია, რომ ქართული დამწერლობა, რომელიც ჯერ კიდევ ძველ წელთაღრიცხვაში მეფე ფარნავაზ პირველმა შექმნა და დღემდე გამოიყენება, 2016 წლიდან იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაშია", - წერს გამოცემა.
ცნობისთვის, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა, რომელსაც 500 წლიანი ისტორია აქვს, ყოველწლიურად 300 ათასამდე ვიზიტორს მასპინძლობს და 400 ათასამდე წიგნს გამოფენს.
ღონისძიებას პირველი სამი დღის განმავლობაში მხოლოდ საქმიანი ვიზიტორები სტუმრობენ, ხოლო ბოლო ორ დღეს ბაზრობა ღიაა ფართო საზოგადოებისთვის.