დღეს, 13 ივლისს, პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდები იწყება. პირველ გამოცდას პედაგოგები და მასწავლებლობის მსურველები პროფესიულ უნარებში ჩააბარებენ.
13 ივლისს, 08:00 საათზე, პროფესიული უნარების გამოცდის პირველი სესიისთვის რეგისტრაცია დაიწყება. ტესტზე მუშაობას პედაგოგები 09:00 საათზე შეუდგებიან. მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ ტესტზე 5 საათის განმავლობაში იმუშაონ.
მეორე სესიისათვის რეგისტრაცია 14:00 საათზე დაიწყება.
პროფესიული უნარების ტესტი 27 დავალებისგან შედგება. ტესტის მაქსიმალური ქულაა 70. იმისთვის, რომ კომპეტენციის მინიმალური ზღვარი გადალახოს, კონკურსანტმა 43 ქულა მაინც უნდა დააგროვოს.
სასერტიფიკაციო გამოცდები თბილისის ორ და რეგიონების თორმეტ საგამოცდო ცენტრში ერთდროულად ჩატარდება.
სასერტიფიკაციო გამოცდებისათვის 14 ათასამდე პედაგოგი და მასწავლებლობის მსურველია რეგისტრირებული.
პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდები 2010 წელს პირველად ტარდება. მასწავლებლები და პედაგოგობის მსურველები პროფესიული უნარების ტესტსა და შესაბამის საგნობრივ ტესტებს ჩააბარებენ.
2010 წელს სასერტიფიკაციო გამოცდას ქართულის, მათემატიკისა და უცხოური ენების პედაგოგები გაივლიან.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრ დიმიტრი შაშკინის განცხადებით, პედაგოგებს, რომლებიც ბარიერს გადალახავენ არა მხოლოდ ხელფასი მოემატებათ, არამედ მენტორ მასწავლებლად მუშაობის შესაძლებლობა მიეცემათ, რაც 160-ლარიან დანამატს გულისხმობს. ასევე, ისინი ჩაერთვებიან სამინისტროს პროგრამაში "ასწავლე საქართველოსთვის", რომელიც გულისხმობს მასწავლებელთა მივლინებას რეგიონებში, სადაც პედაგოგები ხელფასთან ერთად, სტიპენდიის სახით 400-ლარიან დანამატს მიიღებენ.
როგორც ცნობილია, საქართველოში მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდები პირველად ტარდება. პროცესი ნებაყოფლობითია. შედეგები კონფიდენციალური. ბარიერის ვერ გადალახვის შემთხვევაში, პედაგოგი გააგრძელებს მუშაობას და 2014 წლამდე მას რამდენჯერმე მიეცემა საშუალება გავიდეს განმეორებით გამოცდაზე.
ცნობისათვის, სასერტიფიკაციო გამოცდებში მონაწილეობას სახელმწიფო აფინანსებს. ტესტების მომზადებასა და გამოცდების ჩატარებას გამოცდების ეროვნული ცენტრი ახორციელებს. პირველ ეტაპზე გამოცდაში საქართველოს მასშტაბით 14 000-მდე ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკისა და უცხო ენის პედაგოგი მიიღებს მონაწილეობას. მასწავლებლები გამოცდას უნარ-ჩვევებსა და სპეციალობაში ჩააბარებენ და მინიმალური ზღვარის გადალახვის შემთხვევაში, რომელიც 60 ქულით განისაზღვრება, სერტიფიცირებული მასწავლებლის სტატუსი მიენიჭებათ.
2014 წლამდე ყველა მოქმედი პედაგოგი გაივლის სერტიფიცირებას.