ხვალ, 13 ივლისს, საქართველოში პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდები იწყება. ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრეს.
შაშკინის განცხადებით, პედაგოგებს, რომლებიც ბარიერს გადალახავენ არა მხოლოდ ხელფასი მოემატებათ, არამედ მენტორ მასწავლებლად მუშაობის შესაძლებლობა მიეცემათ, რაც 160-ლარიან დანამატს გულისხმობს. ასევე, ისინი ჩაერთვებიან სამინისტროს პროგრამაში "ასწავლე საქართველოსთვის", რომელიც გულისხმობს მასწავლებელთა მივლინებას რეგიონებში, სადაც პედაგოგები ხელფასთან ერთად, სტიპენდიის სახით 400 ლარიან დანამატს მიიღებენ.
როგორც ცნობილია, საქართველოში მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდები პირველად ტარდება. პროცესი ნებაყოფლობითია. შედეგები კონფიდენციალური. ბარიერის ვერ გადალახვის შემთხვევაში, პედაგოგი გააგრძელებს მუშაობას და 2014 წლამდე მას რამდენჯერმე მიეცემა საშუალება გავიდეს განმეორებით გამოცდაზე.
ცნობისათვის, სასერტიფიკაციო გამოცდებში მონაწილეობას სახელმწიფო აფინანსებს. ტესტების მომზადებასა და გამოცდების ჩატარებას გამოცდების ეროვნული ცენტრი ახორციელებს. პირველ ეტაპზე გამოცდაში საქართველოს მასშტაბით 14 000-მდე ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკისა და უცხო ენის პედაგოგი მიიღებს მონაწილეობას. მასწავლებლები გამოცდას უნარ-ჩვევებსა და სპეციალობაში ჩააბარებენ და მინიმალური ზღვარის გადალახვის შემთხვევაში, რომელიც 60 ქულით განისაზღვრება, სერტიფიცირებული მასწავლებლის სტატუსი მიენიჭებათ.
2014 წლამდე ყველა მოქმედი პედაგოგი გაივლის სერტიფიცირებას.