კონსტიტუციის არსებული დოკუმენტი ვენეციის კომისიამ შეაფასა, როგორც დოკუმენტი, რომელიც ეფუძნება დემოკრატიის, სამართლებრივი სახელმწიფოს და ძირითადი უფლებების დაცვის პრინციპებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, კონსტიტუციის პროექტი საერთო, სახალხო განხილვებისა და ჩართულობის შედეგად შემუშავდა.
„მართლაცდა უპრეცედენტო, საერთო, სახალხო განხილვებისა და ჩართულობის შედეგად შემუშავდა დოკუმენტი. სამწუხაროდ, ოპოზიცია ცდილობს წარმოაჩინოს, რომ ეს არის ერთი პარტიის დოკუმენტი, რაც სავსებით არ არის ასე, რადგან ამ განხილვების პროცესში მონაწილეობდნენ პარტიები, ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციები და ასეთი პროცესი თავისთავად იყო ნამდვილად უპრეცედენტო. ჩვენ პირადად მომსწრე ვართ იმ პარტიების მმართველობის პერიოდის, რომელიც დღეს ჩვენ გვაკრიტიკებენ ე.წ. კონსენსუსის ნაკლებობის თუ არქონის გამო, კონსტიტუციის ისე მიღებას, როდესაც საერთოდ მსგავსიც კი არ ყოფილა საქართველოში ასეთი განხილვების სახით. დოკუმენტი, რომელიც მივიღეთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, არის ვენეციის კომისიის მიერ შეფასებული, როგორც - სიტყვა სიტყვით მინდა ვთქვა - დოკუმენტი, რომელიც ეფუძნება დემოკრატიის, სამართლებრივი სახელმწიფოს და ძირითადი უფლებების დაცვის პრინციპებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვენეციის კომისიამ ეს დოკუმენტი შეაფასა, როგორც საქართველოს დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით წინგადადგმული ნაბიჯი. ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ და ვიამაყოთ რომ ასეთი დოკუმენტი შეიქმნა, რომელიც მნიშვნელოვნად აბალანსებს ძალაუფლებას ქვეყანაში, ეფუძნება ძლიერ პარლამენტს, ქმედით მთავრობას, დამოუკიდებელ სასამართლოს და ზეპარტიულ პრეზიდენტს და მთელი რიგი ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებებია, რომელსაც არ ჩამოვთვლი“, - განაცხადა კვირიკაშვილმა
მისივე თქმით, კონსენსუსის მიღწევის გზაზე მმართველი პარტია დათანხმდა ძალიან მნიშვნელოვან საკითხებს, ეს იყო პრეზიდენტის არა 5 წლით, არამედ ექვსი წლით, პირდაპირი წესით არჩევა, რათა 2024 წელს, როდესაც პროპორციული წესზე გადასვლა მოხდება, ერთდროულად მოხდეს პრეზიდენტის არაპირდაპირ არჩევაზე გადასვლა.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, პროპორციულ სისტემაზე გადასვლა არის უდიდესი ნაბიჯი დემოკრატიის განვითარებისთვის ქვეყანაში, ასეთი რამ მიუღწეველი იყო წლების განმავლობაში და ყველა ოპოზიციონერისთვის, ვინც კი ოპოზიცია ყოფილა, იყო მართლაც და სანატრელი.
"ბოლო ნაბიჯი, იყო 5%-დან 3%-ზე ბარიერის დაწევა2020 წლისთვის და ასევე ბლოკების აკრძალვის გაუქმება. ამას გარდა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები იქნა შეტანილი კონსტიტუციაში, როგორიც არის მაგალითად სასოფლო-სამეურნეო მიწის გასხვისების აკრძალვა საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირებზე, ეს არის საპარლამენტო ოპოზიციისთვის მნიშვნელოვნად გაზრდა უფლებების, მათ შორის საგამოძიებო კომისიის შექმნის უფლების მინიჭება. ეს არის სახელმწიფო სოციალური პასუხისმგებლობის მნიშვნელოვნად ამაღლება და შრომითი უფლებების დაცულობა. ქვეყნის საგარეო არჩევანის დაფიქსირება. ქორწინების დეფინიციის გათვალისწინება. ჩვენ შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ კონსტიტუცია, რომელსაც ჩვენ ვღებულობთ მთლიანად პასუხობს ჩვენი საზოგადოების მოთხოვნებს და ქვეყნის განვითარების დღის წესრიგს. დიდი იმედი მაქვს, რომ მესამე მოსმენით კენჭი ეყრება და ჩვენ მივიღებთ კონსტიტუციას, რომელიც ნამდვილად გახლავთ დემოკრატიული განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.