"ხარვეზდამშვებმა უნდა აგოს პასუხი და ეს ხარვეზი უნდა გამოსწორდეს სასწრაფოდ", - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ დღეს, 206 ბაგა-ბაღის მეორე სართულიდან, ბავშვის გადავარდნის საკითხზე საუბრისას განაცხადა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის კვლავაც მძიმეა და ის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.
სერგეენკოს ინფორმაციით, მცირეწლოვანს ერთი ფილტვი ჰქონდა გათიშული და გატეხილი აქვს სახის ძვალი, ასევე, აღენიშნება ტვინის შერყევაც.
„ამ ეტაპზე, მას ოპერაციული ჩარევა არ ესაჭიროება, თუმცა მდგომარეობა ძალიან საყურადღებოა, საჭიროებს ინტენსიურ მეთვალყურეობას.
პირველ რიგში, უნდა იყოს ძალიან სწრაფად და დეტალურად გამოკვლეული, სად იყო ხარვეზი დაშვებული და რა თქმა უნდა, შესაბამისმა ხარვეზდამშვებმა უნდა აგოს პასუხი და ეს ხარვეზი უნდა გამოსწორდეს სასწრაფოდ,“ - აცხადებს დავით სერგეენკო.
შეგახსენებთ, დღეს დილით, ზემო ფონიჭალაში მდებარე 206-ე ბაგა-ბაღის მეორე სართულიდან სამი წლის აღსაზრდელი გადავარდა.
მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.