ჯერჯერობით, პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ვრჩები, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რადგან ჟურნალისტებმა მის მიერ გაკეთებული განცხადება, თუ საკონსტიტუციო ცვლილებებს ბოლომდე ვერ მიიყვანდა, პოსტიდან გადადგებოდა, შეახსენეს.
კობახიძის განმარტებით, ეს ხუმრობით იყო ნათქვამი და პროპორციულ სისტემას ეხებოდა.
„დავაზუსტებ, რომ ჩემთვის პრინციპულად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იმას, რომ პროპორციული სისტემა კონსტიტუციით შემოგვეღო. ეს მიზანი მიღწეულია. პროპორციული სისტემა შემოგვაქვს. კონსტიტუციის ყველა ნორმა, რომელიც ძირითად ტექსტშია ჩაწერილი, 2020 წლის ნოემბერში ამოქმედდება, ანუ, მეორე დღესვე, როგორც კი, შემდეგი მოწვევის პარლამენტის პლენარული სხდომა შედგება. ჩემთვის პრინციპული მიზანი იყო, რომ პროპორციულ სისტემაზე გადავსულიყავით და ეს მიზანი შესრულდა. ამაში დიდი როლი ჩვენმა პრინციპულობამ შეასრულა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.