პრეზიდენტის გადაწყვეტილება კონსტიტუციასთან შესაბამისობაში არ არის, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა. ირაკლი კობახიძის შეფასებით, პრეზიდენტის მიერ რიგგარეშე სხდომის არდანიშვნა პარლამენტის უპატივცემულობის გამოხატულებაა.
,,ჩვენ გვაქვს უკვე ამის პრეცედენტი. პირველი პრეცედენტი შექმნა მარგველაშვილმა იმის, რომ ის არ ნიშნავს პარლამენტის რიგგარეშე სხდომას, რაც კონსტიტუციასთან შესაბამისობაში არ არის. კონსტიტუციაში წერია, რომ პრეზიდენტი რიგგარეშე სხდომას ნიშნავს პარლამენტის მოთხოვნით და მთავრობის წარდგინებით. წარდგინებას და მოთხოვნას შორის ზუსტად ის განსხვავებაა, რომ ერთ შემთხვევაში დისკრეცია აქვს პრეზიდენტს, მეორე შემთხვევაში, როცა პარლამენტის მოთხოვნაზეა საუბარი, პრეზიდენტმა უნდა დანიშნოს რიგგარეშე სხდომა. შესაბამისად, სხდომის არდანიშვნა არის კონსტიტუციასთან შეუსაბამო და ეს არის ასევე, პარლამენტისადმი უპატივცემულობის გამოხატულება, თუმცა ამას მიჩვეული ვართ“, - განაცხადა კობახიძემ.
გიორგი მარგველაშვილმა არ გაითვალისწინა პარლამენტის თავმჯდომარის თხოვნა 26 სექტემბერს პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევასთან დაკავშირებით, რომლის მიზანიც საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით მიღებაა.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დღეს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ პრესკონფერენცია გამართა და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი პრეზიდენტის პოზიციას და შენიშვნებს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით.