მოსახლეობის 53,5% დასვენებას ქვეყნის შიგნით გეგმავს, ასეთ ინფორმაციას ჩატარებული კვლევებზე დაყრდნობით, მარკეტინგული კვლევებისა და კონსულტაციების კომპანია "ეისითი" აქვეყნებს.
"ეისითის" ინფორმაციით, ცხელი ზაფხულისგან თავის დაღწევას საქართველოს ურბანული მოსახლეობის 53,5% ქალაქგარეთ გასვლით ცდილობს. აქედან რესპონდენტთა მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილი აპირებს საქართველოს ფარგლებს გარეთ დასვენებას (2,3%), ხოლო საქართველოში - მთის კურორტებზე, აგარაკზე და შავი ზღვის კურორტზე დასვენება აქვს გადაწყვეტილი თბილისისა და საქართველოს დიდი ქალაქების ზრდასრული მოსახლეობის 51,3%-ს . ამ მხრივ ქვეყნის ურბანული მოსახლეობის არჩევანი თითქმის უცვლელი დარჩა - 2009 წელსაც კი რესპონდენტთა 51% საქართველოში აპირებდა დასვენებას.
"ეისითის" მიერ გამოკითხული რესპონდენტების 72%-ზე ოდნავ მეტი თვლის, რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში საქართველოს საზღვაო კურორტებზე მომსახურეობა გაუმჯობესდა. როგორც ჩანს, რუსეთ-საქართველოს ომისა და მსოფლიო კრიზისის შემდგომ ამ სექტორში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გახდა სერვისის გაუმჯობესება და მომხმარებლის მოთხოვნების დაკმაყოფილება, რაც ამძაფრებს კონკურენციას ადგილობრივი და მეზობელი ქვეყნების კურორტებს შორის.