ილიას უნივერსიტეტის რექტორის, გიგა ზედანიას განცხადებით, ყოფილი ლექტორები იმ შემთხვევაში დაბრუნდებიან ილიაუნის ლექტორებად, თუ უნივერსიტეტის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვებენ, მაგრამ მათ აეკრძალებათ სხვა უნივერსიტეტში აკადემიური პოზიციის დაკავება.
როგორც რექტორმა უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის სტუდენტებთან შეხვედრის განმარტა, მთავარი მოტივი, თუ რატომ არ გაუგრძელდა 25 ლექტორს ხელშეკრულებები ის არის, რომ სხვა კერძო უნივერსიტეტების პროფესორები გახდნენ.
„ბიზნეს სკოლას მოუწია ახალი აკადემიური პერსონალის მოძიება. მიუხედავად ამისა, ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ თანამშრომლობა გაგრძელდეს, ოღონდ ამ მოწვეულმა ლექტორებმა უნდა მიიღონ მონაწილეობა გამოცხადებულ კონკურსში.
დაახლოებით 15-მდე პროფესორის ვაკანსიაზე არის კონკურსი გამოცხადებული. შესაბამისად, თუ ისინი გაიმარჯვებენ, გახდებიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები, ოღონდ მათ აეკრძალებათ სხვა უნივერსიტეტში აკადემიური პოზიციის დაკავება.
დეკანის გათავისუფლება კი ჩემი კომპეტენცია არ არის. დეკანს რექტორი ვერ გადააყენებს, რადგან ის არის არჩეული ბიზნეს ფაკულტეტის პროფესორებისა და სტუდენტების მიერ“, - განაცხადა გიგა ზედანიამ და დასძინა, რომ ცალკეული ლექტორების ქეისებს განიხილავს.