კონცენტრაცია უნდა გააკეთონ იმ საკითხებზე, რომელიც საზოგადოებას აინტერესებს, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ სალომე სამადაშვილის სადეპუტატო შეკითხვასთან დაკავშირებით, რომელიც ხანძრის ჩაქრობაში რუსეთისთვის დახმარების თხოვნას შეეხება.
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ მან ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ოპოზიცია უპასუხისმგებლოდ იქცევა.
,,ჩვენი საქმიანობა არის ღია. ოპოზიციას ვურჩევ, წარსულში ხედვას თავი დაანებოს, იფიქროს მომავალზე, კონცენტრაცია გააკეთოს იმ პრობლემატიკაზე, რომელიც საზოგადოებას აწუხებს. დღეს ვსაუბრობდით დიასპორის პოლიტიკაზე, მე ძალიან დიდი პროგრამა და სამოქმედო გეგმა წარმოვადგინე და სამწუხაროდ, არც ერთი კითხვა, არც ერთი შენიშვნა ოპოზიციის მხრიდან საკითხთან მიმართებაში არ იყო. ეს არის უპასუხისმგებლობა ოპოზიციის საკუთარი ამომრჩევლისა და საზოგადოებისადმი. ამიტომ თუ უნდათ მათ, რომ როდესმე მოიპოვონ მხარდაჭერა, კონცენტრაცია უნდა გააკეთონ იმ საკითხებზე, რომელიც საზოგადოებას აინტერესებს“, - განაცხადა ჯანელიძემ.