თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორი, თემურ თორდინავა ზემო ფონიჭალის 206-ე ბაღის აღსაზრდელის მეორე სართულიდან გადმოვარდნის ფაქტს ეხმაურება და აცხადებს, რომ გამორიცხული არ არის იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს, რომელსაც ბავშვის მეთვალყურეობა ევალებოდა.
მისივე თქმით, ბაღში მონიტორინგის წარმომადგენლები მივიდნენ.
„ეს არ უნდა მომხდარიყო, მაგრამ ჩემი აზრით, ალბათ გაეპარათ ბავშვი და საძინებლიდან გადახტა, ანუ მეორე სართულიდან“ , - განაცხადა თემურ თორდინავამ.
სააგენტოს დირექტორის თქმით, მონიტორინგის პასუხები დაახლოებით, ორ საათში იქნება ცნობილი და ამის შემდეგ უმკაცრეს ზომებს მიიღებს.
შეგახსენებთ, დღეს დილით ზემო ფონიჭალაში მდებარე 206-ე ბაგა-ბაღის მეორე სართულიდან სამი წლის აღსაზრდელი გადმოვარდა.
მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.