საქართველოს ელჩი გერმანიაში, ლადო ჭანტურია აცხადებს, რომ გერმანიის არჩევნებში გამოკითხვების მიხედვით მმართველი ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი გაიმარჯვებს. ,,საზოგადოებრივთან“ მან აღნიშნა, რომ სავარაუდოდ, მეორე ადგილზე სოციალ-დემოკრატიული პარტია გავა.
"ძირითადი ბრძოლა და კონკურენცია მესამე ადგილისთვის მიმდინარეობს. ალბათ ბუნდესტაგში თავისუფალი დემოკრატები შევლენ, რომლებიც წინა პარლამენტში არ იყვნენ და ასევე გერმანიის ისტორიაში პირველად მოსალოდნელია, რომ გააქტიურდეს მემარჯვენე ფრთა, პარლამენტში შევიდეს ალტერნატივა გერმანიისთვის. ეს პარტია გამოირჩევა რადიკალური მიდგომებით. ისინი ითხოვენ გერმანიის ევროპის კავშირიდან გასვლას, ითხოვენ ევროს გაუქმებას, ყველა იმ ევროპული და ინტეგრაციული პროექტის შეჩერებას, რომელიც ჩემი აზრით, ასეთი წარმატებულია ევროპის კავშირში და გერმანიაში. მოულოდნელი იყო ის ფაქტი, რომ ალტერნატივა გერმანიისთვის ფედერალური მიწის ბევრ პარლამენტში აირჩიეს. ჩემი გადმოსახედიდან და გამოკითხვებიდან გამომდინარე, მათი მესამე ადგილზე გასვლა ნაკლებად სავარაუდოა. ის ფაქტი, რომ ასეთი ძალა შედის პარლამენტში სასიამოვნო არ არის. ღიად რჩება საკითხი, თუ ვისთან ერთად შექმნის კოალიციას ქრისტიანულ- დემოკრატიული კავშირი. შესაძლო ვარიანტად სოციალ- დემოკრატიული პარტია მოიაზრება და დიდი კოალიციის გაგრძელება. არ გამორიცხავენ იმასაც , რომ ქრისტიანულ- დემოკრატიულმა კავშირმა კოალიციური მთავრობა თავისუფალ დემოკრატებთან შექმნას. თუმცა საეჭვოა, რომ თავისუფალმა დემოკრატებმა ხმათა ის რაოდენობა აიღონ, რომელიც საკმარისი იქნება მთავრობაში შესასვლელად", - განაცხადა ჭანტურიამ.