საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ზურაბ ალავიძის განცხადებით, ბორჯომის ხეობაში, დაბა წაღვერში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში დილიდან აზერბაიჯანული ვერტმფრენი ჩაერთო, შუადღისას კი ორ თურქულ ვერტმფრენს ელოდებიან.
მისივე თქმით, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ასევე მონაწილეობს ორი ქართული ვერტმფრენი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და კომპანია „თუშეთის“ ვერტმფრენები.
"ამ დროისთვის ხანძრის კერები ლოკალიზებულია და გავრცელების საფრთხე არ არსებობს, თუმცა თუ ქარი გაძლიერდა, არ არის გამორიცხული კერების კვლავ გაღვივება.
რაც შეეხება ცოცხალ ძალას და მძიმე ტექნიკას, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ცნობით, სამუშაოებში ჩართულია 250-მდე მეხანძრე-მაშველი, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 300-მდე თანამშრომელი და ეროვნული სატყეო სააგენტოს წარმომადგენლები. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში, ასევე, ჩართულია 20-მდე მაღალი გამავლობის მძიმე ტექნიკა, 18 ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა", - განაცხადა მინისტრმა.