ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსში "თბილისი" მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღება გრძელდება. კონკურსი, რომელიც ერთდროულად ხელოვნებისა და ლიტერატურის რამდენიმე სფეროს მოიცავს, დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინიციატივით ხორციელდება.
"ფინკა ბანკი საქართველო" კონკურსის დაარსებიდან მისი პარტნიორია და წელსაც, ისევე როგორც წინა წლებში, გამარჯვებულებს ფულად ჯილდოს გადასცემს.
,,აღნიშნულ კონკურსში მონაწილეობის მსურველებს განაცხადის შეტანა წლის საუკეთესო პროზაული, პოეტური, ფერწერული, ფოტოხელოვნებისა და არქიტექტურის, ასევე წლის საუკეთესო სიმღერისა და ქანდაკების ნომინაციებზე შეეძლებათ. სასკოლო ასაკის ბავშვებისათვის კი წარმოდგენილია ნომინაცია "წლის საუკეთესო ესსე”, რომელშიც თემატიკა ყოველწლიურად განსხვავებულია. წელს ესსეს თემებია: „ილიას საქართველო“, ასევე ნიკოლოზ ბარათაშვილი და მისი შემოქმედება. ამასთან, განსაკუთრებული ღირებულების მქონე ნაწარმოებს ჟიური სპეციალურ პრიზს გადასცემს.
ნამუშევრების მიღება 8 სექტემბრამდე გაგრძელდება, ხოლო გამარჯვებულების დაჯილდოება, რომლებსაც კონკურსის სიმბოლო-ხოხობი და ერთჯერადი ფულადი პრემია გადაეცემათ, "თბილისობის" ღონისძიების ფარგლებში მოხდება.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სავალდებულოა ნაწარმოების გამოგზავნა და ელექტრონული სააპლიკაციო საკონკურსო განაცხადის შევსება, რომელიც თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ვებგვერდზეა განთავსებული”, - აცხადებენ საკრებულოში.
ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსი „თბილისი“ ,,თბილისობა -2017’’-ის ღონისძიებების ფარგლებში გაიმართება. ღონისძიების ოფიციალური სპონსორები არიან სს "ფინკა ბანკი საქართველო" და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი.
ღონისძიების მხარდამჭერები არიან: ქ. თბილისი მერია, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, მწერალთა კავშირი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, "თელიანი ველი", სადაზღევო კომპანია "ირაო".