კატარში, ქალაქ დოჰაში, საქართველოს საელჩოსა და გალერეა „ვანდას" ორგანიზებით, კატარას კულტურულ უბანში თანამედროვე ქართველი მხატვრების გამოფენა „Expressing Space-New Art from Georgia" გაიხსნა.
გამოფენაზე წარმოდგენილია გია ჯაფარიძის, ანზორ ჩაგელიშვილის, გოგი ლაზარაშვილის, ალექს ბერდიშევის, გია გუგუშვილის, ლევან მინდიაშვილის და მამუკა ცეცხლაძის ფერწერული ნამუშევრები და სკულპტურები. გამოფენის პარალელურად ქართველი მხატვრები 19 - 21 სექტემბერს მართავენ სასწავლო სემინარს. გამოფენა ა.წ. 2 ოქტომბრამდე გაგრძელდება.
გამოფენის გახსნის შემდეგ მოეწყო მიღება, რომელზეც კატარის სახელმწიფოში საქართვლოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ეკატერინე მაიერინგ-მიქაძემ დამსწრე სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა.
საქართველოს ელჩის განცხადებით ქართულ კულტურას გააჩნია ღრმა ისტორიული ცნობიერება და ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობის შესაბამისად კულტურათა გზაჯვარედინზე დგას. ეკატერინე მაიერინგ-მიქაძემ აღნიშნა, რომ კატარში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის გახსნიდან ხუთი წლის განმავლობაში, საქართველომ მყარად დაიმკვიდრა ადგილი კატარის კულტურულ რუქაზე.
აღსანიშნავია, რომ 2016 წლის ნოემბერში თბილისში გალერეაში „ვანდა" შედგა კატარელი მხატვრის ალი დასმალ ალ-კუვარის ფერწერის გამოფენა და გაიმართა კატარას კულტურული ფონდის ხელმძღვანელობის ვიზიტი. საქართველოსა და კატარის მიერ ერთობლივად კულტურული ღონისძიებების ორგანიზება მომავალშიც იგეგმება.