გაზის ტარიფი მნიშვნელოვნად გაძვირდა მთელ საქართველოში. მოსალოდნელია ელ.ენერგიის გაძვირებაც, ქვეყანაში მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ფონია, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილშმა პარლამენტის სესიაზე განაცხადა.
მისი თქმით, გაზის ტარიფი საგარეჯოში 17 თეთრით, გურჯაანში 13, დუშეთში 16, ყაზბეგში 17, გორში 11, ზესტაფონში 14, გურიასა და აჭარაში კი 12 თეთრით გაძვირდა.
"პარლამენტარს, მინისტრს ან რომელიმე ბიუროკრატს ეს ნაკლებად აღელვებდეს, მაგრამ მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობისთვის ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა. ეს არის გაზის ტარიფის ზრდა. და რატომრაც ჩაითვალა, რომ რა კი თბილისში მხოლოდ ნახევარი თეთრით გაიზარდა, ასე მოხდა დანარჩენ საქართველოშიც. სინამდვილეში, გაზის ტარიფი ძალიან მნიშვნელოვნად გაიზარდა მთელ საქართველოში, საშუალოდ 11-12 თეთრით. მე კონკრეტული რაიონების მაგალითებსაც გეტყვით: საგარეჯოში 17 თეთრით, გურჯაანში 13, დუშეთში 16, ყაზბეგში 17, გორში 11, ზესტაფონში 14, გურიაში 12, აჭარაში 12 ანუ მთელი ქვეყნის მასშტაბით ძალიან ბევრ მოქალაქეს გაუძვირდა გაზის ტარიფი, რომელსაც შეიძლება ეხლა ზაფხულის და შემოდგომის დასაწყისში ვერ გრძნობდეს, მაგრამ ზამთარში ძალიან მძიმედ დააწვება. ამას ვახსენებ "ქართულ ოცნებას", რომლისთვისაც ერთ-ერთი მთავარი ლოზუნგი და წინასაარჩევნო დაპირება იყო სწორედ ტარიფების კლება. სამწუხაროდ, უნდა გიტხრათ კოლეგებო, რომ წლის ბოლომდე მოსალოდნელია დენის ტარიფის გაძვირებაც, რაც ასევე მძიმე წნეხი იქნება ჩვენი მოსახლეობისთვის და რაც ერთ-ერთი განმაპირობებელია ფასების ზრდისა ძირითადად პროდუქტებზე", - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.