დღეს, 18 სექტემბერს, 19:00 საათზე, ვაკის მედიათეკაში სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისა და ადმინისტრაციისთვის საზეიმო პრეზენტაცია გაიმართება. ღონისძიებაზე უნივერსიტეტის 400-ზე მეტ სტუდენტს თბილისის მედიათეკების სერვისებს გააცნობენ. ღონისძიებას დაესწრებიან თბილისის მედიათეკების გაერთიანების დირექტორი, გურამ ნიკოლაშვილი და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დეკანი საქართველოში, დოქტორი კენ უოლში.
თბილისის მედიათეკების გაერთიანებასა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის საფუძველზეც უნივერსიტეტის სტუდენტებს სრული წვდომა ექნებათ თბილისის ყველა მედიათეკის სერვისებზე და განსაკუთრებული პირობით ისარგებლებენ მედიათეკის C ბარათის მფლობელებთან ერთად. ვაკის მედიათეკის მომსახურება უკვე ღამის 12:00 საათამდე იქნება ხელმისაწვდომი.
„თბილისის მედიათეკების გაერთიანება“ მულტიმედიური ბიბლიოთეკების ქსელია, რომელიც მერიის ინიციატივით 2013 წელს გაიხსნა და კულტურულ-საგანმანათლებლო პლატფორმას წარმოადგენს. მედიათეკების გაერთიანება თავის წევრებს წიგნების (სხვადასხვა ენაზე) მუდმივად განახლებად ფონდს სთავაზობს. გარდა ამისა, მედიათეკაში მისულ სტუმრებს აქვთ წვდომა ელექტრონულ რესურსებთან, იყენებენ სამუშაო სივრცეებს. ბავშვებისა და მოზარდებისთვის ხორციელდება საგანმანათლებლო-შემეცნებითი პროგრამები. მედიათეკის წევრობა ფასიანია და, ამ დროისთვის, უკვე სამი ფილიალი ფუნქციონირებს: ვაკის, ვარკეთილის და ნაძალადევის.აღსანიშნავია, რომ მედიათეკების შენობები დაკომპლექტებულია სამკითხველო დარბაზებით, კომპიუტერული სივრცეებითა და მულტიმედიური ოთახებით, სადაც ეწყობა ფილმების ჩვენებები, კონფერენციები და სხვადასხვა ხასიათის შეხვედრები. მედიათეკების გაერთიანების ამოცანაა, როგორც საკუთარი პროექტების განხორციელება, ასევე, დაინტერესებულ მომხმარებელთა და პარტნიორთა ხელშეწყობა.
სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (SDSU) ასწლიანი ისტორიის მქონე ამერიკული უნივერსიტეტია. ის ერთ-ერთი უდიდესი და ყველაზე მოთხოვნადი უმაღლესი სასწავლებელია კალიფორნიის შტატში. სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოში 2015 წლიდან სთავაზობს მაღალი ხარისხის, საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე საბაკალავრო პროგრამებს საინჟინრო და ტექნოლოგიურ (STEM) დარგებში. ამჟამად უნივერსიტეტის ქართულ ფილიალში 400-ზე მეტი სტუდენტი სწავლობს. მათ შორის არიან საერთაშორისო სტუდენტები 8 ქვეყნიდან და ამერიკელი გაცვლითი სტუდენტები კალიფორნიის კამპუსიდან. აღნიშნული პროგრამები ხელს შეუწყობს საქართველოში სამშენებლო, საბუნებისმეტყველო და ტექნოლოგიური დარგების განვითარებასა და ქვეყანაში მაღალკვალიფიციური სამუშაო ძალის მომზადებას.