ლეგენდარული გერმანული ინდუსტრიული მეტალ-ჯგუფი Rammstein-ი კარიერას ასრულებს. ამის შესახებ გამოცემა Bild-ი ჯგუფთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ცნობით, ჯგუფის მომდევნო ალბომი ბოლო იქნება. თუმცა ჯგუფს ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.
მათი ახალი ალბომი წლის ბოლომდე არ გამოვა.
მანამდე Rammstein-ის გიტარისტი რიჰარდ კრუსპე ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდა, რომ ჯგუფის ახალი ალბომი უკანასკნელი იქნებოდა.
ინდუსტრიული მეტალ-ჯგუფი Rammstein-ი 1994 წელს ბერლინში ჩამოყალიბდა. მათი მუსიკა აერთიანებს მეტალის, ინდასტრიალის და ელექტრონული მუსიკის ელემენტებს. ჯგუფზე დიდი გავლენა იქონია სლოვენურმა მუსიკალურმა კოლექტივმა Laibach.
ჯგუფის სახელწოდება უკავშირდება დასავლეთ გერმანული ქალაქის რამშტაინ-მიზენბახის სახელს, სადაც 1988 წელს ავიაკატასტროფა მოხდა. ჯგუფის სასათაურო სიმღერაც ამ კატასტროფის წლისთავისადმია მიძღვნილი. ასტეროიდ 110393-ს ჯგუფის პატივსაცემად 110393 Rammstein დაარქვეს.
ჯგუფის ამ დრომდე ბოლო ალბომი Liebe Ist Für Alle Da 2009 წელს გამოვიდა, რის შემდეგაც მის შემოქმედებაში ხანგრძლივმა შესვენებამ დაისადგურა.
ამ დროის განმავლობაში ჯგუფის სოლისტი ტილ ლინდემანი შვედ მუსიკოსთან პეტერ ტეგტგრენთან მუშაობდა. ერთად მათ პროექტი Lindemann-ი შექმნეს და 2015 წელს ფირფიტა Skills in Pills-ი გამოუშვეს.
Rammstein-ი დიდი პოპულარობით სარგებლობს არა მხოლოდ გერმანიაში, არამედ მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში.