განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში დღეს კავკასიაში დევიდ ლინჩის ფონდის (DLFC) ხელმძღვანელს გიგა აგლაძეს და მის გუნდს შეხვდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიმდინარე საგზაო უსაფრთხოების კამპანია მნიშვნელოვან ბაზას ქმნის დევიდ ლინჩის ფონდის ინიციატივისათვის ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენციისა და პოსტ-ტრავმული რეაბილიტაციის მიმართულებებით.
გიგა აგლაძის განცხადებით უკვე გადაწყვეტილია, რომ დევიდ ლინჩი ნოემბერში გვესტუმრება და ფართო აუდიტორიასთან გამართავს შეხვედრებს, გაიმართება მისი ფილმების ჩვენებაც.
„ ის პროექტები, რისი გაკეთებაც იგეგმება ქვეყნისთვის, არის ძალიან მნიშვნელოვანი, მათ შორის არის დევიდ ლინჩის სახელობის კინემატოგრაფიის ინსტიტუტის და ა-კლასის კინოფესტივალის დაარსება. ჩვენი ქვეყნისთვის უდავოდ მნიშვნელოვანია, კინემატოგრაფიის ენაზე რომ ვთქვათ, ასეთი ახლო ურთიერთობა ჰოლივუდთან და დიდ რეჟისორებთან, ვინაიდან დევიდ ლინჩის ფონდი 250 ცნობილ სახეს აერთიანებს, მათ შორისაა მარტინ სკორსეზე და ა.შ და ა.შ. ვფიქრობთ, რომ ყველაფერი იქნება ისე, როგორც ქვეყანას სჭირდება. ამ ფონდის გახსნით საქართველოში და კავკასიაში, ჩვენ არა თუ უკვე მივუახლოვდით ამ ადამიანებს, პირიქით საქართველოში ველოდებით მათ. სულ მალე საქართველოში ჰოლივუდის ყველა ის ვარსკვლავი ჩამოვა, რომელთა ნახვაც აქამდე მხოლოდ კინოეკრანზე შეგვეძლო“, - განაცხადა გიგა აგლაძემ.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ფონდის დამფუძნებელი კონსტანტინე ბათმანიდი, მრჩეველი კომუნიკაციის საკითხებში ნინა ცაგარელი და მრჩეველი მარიამ თოიძე.
კავკასიის ფონდი 2017 წლის 25 ივლისს დაარსდა და იგი საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს აერთიანებს. ფონდი რამდენიმე მიმართულებით იმუშავებს. გარდა უნივერსიტეტის დაარსებისა და კინოს ვარსკვლავებთან შეხვედრების ორგანიზებისა, ფონდის მიზანია TM (ტრანსცენდენტალური მედიტაციის) პროგრამის მეშვეობით ტრამვისა და ტოკსიკური სტრესის ქვეშ მყოფი ადამიანების ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია, მათი ჯანმრთელობის, შემეცნებითი უნარების და შრომისუნარიანობის გაუმჯობესება, ასევე საზოგადოებაში მათი ინტეგრირება.