დღეს, 9 ივლისს, 10:00 საათზე, წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართულ უნივერსიტეტში (ჭავჭავაძის გამზირი 53ა) ევროპული საინოვაციო პოლიტიკასა და ევროინტეგრაციის თემაზე სემინარი გაიმართება.
სემინარი ასოციაცია "ევროპული გამოკვლევები საქართველოს ინოვაციური განვითარებისთვის" ორგანიზებითა და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში იმართება.
სემინარს გახსნიან საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ელჩი პერ ეკლუნდი და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრის მოადგილე თამარ ბერუჩაშვილი.
სემინარის მიზანია, საქართველოში უმთავრესი მიზნობრივი/ინტერესთა ჯგუფების წარმომადგენლებს გააცნოს ევროპული საინოვაციო პოლიტიკის საკითხები, კერძოდ, განხილული იქნება ევროკავშირის ლისაბონის პროგრამა (ევროკავშირის ეკონომიკური და სოციალური განვითარების ძირითადი პროგრამა), კვლევის, შემუშავებისა და ინოვაციის ევროპული ჩარჩო პროგრამა, მცირე ინოვაციური ბიზნესის სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამები და სხვა. განხილული იქნება, აგრეთვე, ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და მათი რეგიონების საინოვაციო პოლიტიკის როლი. ნაჩვენები იქნება, რომ ევროპული პოლიტიკის და ევროინტეგრაციაში მისი როლის შესწავლა
საქართველოსთვის საინოვაციო პოლიტიკის შემუშავებისა და ევროკავშირთან დაახლოების ეფექტიანი საშუალებაა. მომხსენებლები იქნებიან ქართველ მკვლევართა ჯგუფის წევრები, რომლებიც ერთი წლის განმავლობაში ევროპულ საინოვაციო სივრცეს სწავლობდნენ.
სემინარი ევროკავშირის ჟან მონეს პროგრამის ჩარჩოებში განხორციელებული პროექტის ნაწილია.