საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის გეგმების შესახებ ოფიციალურად დღეს გახდება ცნობილი.
ამ ეტაპზე, ის ლვოვში იმყოფება.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, სააკაშვილს ბატალიონ „დონბასის“ მებრძოლები იცავენ.
მათივე ცნობით, როდესაც ის ლვოვის მერთან ვახშმობდა მებრძოლები რესტორანში არავის უშვებდნენ.
შეგახსენებთ, 10 სექტემბერს, უკრაინა-პოლონეთის საზღვართან, უკრაინის ტერიტორიაზე მყოფი სააკაშვილის მხარდამჭერები საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე შეიჭრნენ და ის უკრაინის ტერიტორიაზე გადაიყვანეს.
მიხეილ სააკაშვილისა და მისი მხარდამჭერების მიერ უკრაინის საზღვრის გარღვევის ფაქტზე ლვოვის პოლიციამ გამოძიება დაიწყო, - ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის პოლიციის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.
გამოძიება სახელმწიფო საზღვარზე პირების უკანონოდ გადაყვანის მუხლითაა დაწყებული, რაც 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.
უკრაინის პოლიციის ინფორმაციით, საზღვარზე მასობრივი არეულობის შედეგად პოლიციის 11 თანამშრომელია დაშავებული. ამასთან, ძალოვან უწყებაში განმარტავენ, რომ „სისხლის სამართლის კოდექსის“ 332-ე მუხლის გარდა, რაც სახელმწიფო საზღვარზე პირების უკანონოდ გადაყვანას გულისხმობს, გუშინდელი მოვლენები ასევე „სისხლის სამართლის კოდექსის“ 348-ე მუხლის დანაშაულის ნიშნებსაც შეიცავს.