თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ ორგანიზებულ ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსში „თბილისი“ ნამუშევრების მიღება 8 სექტემბერს სრულდება.
ამ ეტაპზე საკონკურსოდ 400-ზე მეტი ნამუშევარია შემოსული, რომელთაგან გასული წლების მსგავსად, უმეტესობა პროზისა და პოეზიის ნომინაციებშია წარმოდგენილი.
კონკურსის საორგანიზაციო ჯგუფის ხელმძღვანელის, მწერლის ირაკლი შამათავას განმარტებით, ნამუშევრების კოდიფიცირების მიზანი კონკურსანტების ანონიმურობის უზრუნველყოფაა.
მისივე ინფორმაციით, კონკურსის „თბილისი-2017“ პოპულარობა მნიშვნელოვნად გაიზარდა და მასში მონაწილეობას წინა წლებთან შედარებით უფრო მეტი ცნობილი ადამიანი იღებს. ამასთანავე, საკონკურსო ნამუშევრები საზღვარგარეთ მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტებმაც წარმოადგინეს.
,,ჟიურისთვის უცნობია კონკურსანტების ვინაობა, რადგან ცნობილი ავტორის ფენომენმა შეფასებაზე გავლენა არ მოახდინოს. ჟიურისთვის კონკურსანტის ამოცნობის ერთადერთი შანსი ავტორის ინდივიდუალური სტილისა და ტექნიკის მიხედვით ამოცნობაა“, – განაცხადა ირაკლი შამათავამ.
კონკურსის პოპულარიზაციას ხელი დედაქალაქის საკრებულოს მიერ საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან, ნოდარ დუმბაძის საერთაშორისო ფონდთან, საავტორო უფლებათა ასოციაციასთან და ასევე საქპატენტთან გაფორმებულმა მემორანდუმებმა შეუწყვეს.
ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსი „თბილისი“ ,,თბილისობა -2017’’-ის ღონისძიებების ფარგლებში გაიმართება. ღონისძიების მხარდამჭერები არიან: ქ. თბილისი მერია, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, მწერალთა კავშირი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სს "ფინკა ბანკი საქართველო", "თელიანი ველი", სადაზღევო კომპანია "ირაო".