2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაზარალებული მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალის ოდენობა დადგენა დასრულდა.
ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანის უფლებათა პრიორიტეტიდან" აცნობეს.
მათი ინფორმაციით, მთავრობიდან მიიღეს წერილი, რომ საქართველოს მთავრობის განკარგულება "რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად საქართველოს სამოქალაქო სექტორისთვის მიყენებული ზარალის შესწავლისა და დადგენის სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ" ძალადაკარგულად გამოცხადდა.
არასამთავრობო ორგანიზაციის იურისტების განცხადებით, ეს ფაქტი იმის მანიშნებელია, რომ დროებითმა კომისიამ თავისი მოვალეობა შეასრულა _ შეაფასა და დაადგინა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაზარალებული მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალის ოდენობა და შესაბამისად, მისი საქმიანობა ამოიწურა.
სამთავრობო კომისია შეიქმნა 2008 წლის 8 სექტემბერს, ხოლო მუშაობა შეწყვიტა _ 2010 წლის 24 აპრილს. Aაღნიშნულის შესახებ "ადამიანის უფლებათა პრიორიტეტისთვის" 7 ივლისს გახდა ცნობილი.
შეგახსენებთ, რომ "ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი" იცავს ე.წ. სასაზღვრო სოფლებში მცხოვრებ ადამიანთა უფლებებს, რომლებმაც აგვისტოს ომის დროს დაკარგეს ახლობლები და ქონება, დაიჭრნენ, გახდნენ წამების ან დამამცირებელი მოპყრობის მსხვერპლნი, იყვნენ ტყვეობაში ან რაიმე სხვა სახით მოხდა მათი დისკრიმინაცია.
მათივე თქმით, სამთავრობო კომისიის საქმიანობის ამოწურვიდან გამომდინარე, როგორც აგვისტოს ომით დაზარალებული ოჯახების დაცვის მხარეს, გაუადვილდება მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურების მოთხოვნა, ხოლო სასამართლოებს, ამ მოთხოვნის დაკმაყოფილება.
დღეისათვის "ადამიანის უფლებათა პრიორიტეტს" საქართველოს მთავრობაში, სადაც ასაჩივრებს ომით დაზარალებულთა მოთხოვნას, 7 ადმინისტრაციული საჩივარი აქვს შეტანილი, ხოლო ამდენივე მზადების სტადიაშია.