წეროვანში მცხოვრები დევნილები საინფორმაციო ტექნოლოგიების ლიდერ კომპანიაში „იუ ჯი თი" სტაჟირებას გადიან. ერთთვიანი კურსის წარმატებით დამთავრების შემთხვევაში დევნილები კომპანიაში დასაქმდებიან. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადადდგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ინიციატივით სტაჟირების კურსი დღეს დაიწყო, რომელშიც ის სტუდენტები მონაწილეობენ, რომლებმაც წეროვანში მათთვის გახსნილი კომპიუტერისა და ინგლისურის კურსები წარმატებით გაიარეს.
ნინო ლომიძე, ნონა ჩიგოევი და ხათუნა ბაშარული პირველი სტაჟიორები არიან, რომლებსაც კომპანია „იუ ჯი თი"-ს პრეზიდენტი გოგა ჭირაქაძე შეხვდა, სტაჟირების დაწყება მიულოცა და საჩუქრები გადასცა. ნინო ლომიძის თქმით: „დასაქმება როგორც ზოგადად ქვეყანაში, ისე ჩემი თაობის სერიოზული პრობლემაა. ამიტომ, მაქსიმალური უნდა გავაკეთო, რომ ეს შანსი გამოვიყენო, სტაჟირება წარმატებით გავიარო და კომპანიაში სამსახურიც მივიღო. მადლობა ყველას, ვინც დევნილ ახალგაზრდებს ასეთი შანსი მოგვცა."
კომპანიის პრეზიდენტის, გოგა ჭირაქაძის თქმით, მსგავსი ღონისძიებები კიდევ იქნება: „ვაპირებთ. საუკეთესო სტუდენტები, რომლებიც რეალურად უკვე გამოჩდნენ, დავასაქმოთ. ეს არ იქნება ერთჯერადი ღონისძიება და გვინდა, რგძელვადიანი იყოს. შესაბამისად, წარმატებულები დასაქმდებიან."
დევნილებმა კომპანიისგან საჩუქრად მათივე შექმნილი ქართული „ვინდოუსი", სხვა საოფისე პროგრამები და წიგნი „გზა წარმატებისკენ" მიიღეს.