ლია უკლებას ნამუშევარი „ღვთისმშობელი სათამაშო პისტოლეტით“, რომელსაც გასულ წელს საქართველოში დიდი გამოხმაურება მოჰყვა, 7-10 სექტემბერს ტუნისის ფემინისტური ხელოვნების ფესტივალზე იქნება წარმოდგენილი, - ამის შესახებ "ქალთა ფონდის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
მათი ცნობით, ლია უკლებას ფესტივალზე დასწრება "ქალთა ფონდმა" და "გლობალურმა ფონდმა" დააფინანსეს.
"ფესტივალზე მიწვეული იყო ნამუშევრის ავტორიც, რომელიც ფინანსების სიმცირის გამო ტუნისში გამგზავრებას ვერ ახერხებდა. ქალთა ფონდმა საქართველოში და ქალთა გლობალურმა ფონდმა გადაწყვიტეს მისი ფესტივალზე დასწრება დააფინანსონ. ფესტივალს ასევე დაესწრება ქალთა ფონდის წარმომადგენელიც.
ტუნისის ფემინისტური ხელოვნების ფესტივალი უკვე მესამედ იმართება. მისი მიზანია მხარი დაუჭიროს და შექმნას სივრცე ხელოვნებისთვის, რომელიც მთავარ აქცენტს ქალთა ხედვაზე, უფლებებსა და მრავალფეროვნებაზე ამახვილებს", - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.