საქართველოში ქორწინებისა და შობადობის მაჩვენებელის ზრდის ტენდენცია შენარჩუნებულია. ბოლო ორი წლის მანძილზე დაბადებულ ახალშობილთა შორის ვაჟები სჭარბობენ.
ქორწინებისა და დაბადების რეგისტრაციის სტატისტიკურ მონაცემებთან დაკავშირებით, დღეს, იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ პრესკონფერენცია გამართა.
მინისტრის მოადგილემ სამოქალაქო რეესტრის მიერ 2006-2009 წლებში გაწეული მუშაობის სტატისტიკური ანალიზი წარმოადგინა.
ბოლო წლების განმავლობაში სტაბილურად იმატებს ქორწინებისა და დაბადების რეგისტრაციის რიცხვი: 2006 წელს საქართველოში 46 060 დაბადების პირველადი რეგისტრაცია განხორციელდა, 2007 წელს - 48 027, 2008 წელს - 57 263, ხოლო 2009 წელს 61 839 ახალშობილის დაბადება დარეგისტრირდა.
რაც შეეხება ქორწინებას, სამოქალაქო რეესტრში 2006 წელს ქორწინება 21 876-მა წყვილმა გააფორმა, 2007 წელს - 25 925-მა, 2008 წელს - 31 310-მა, ხოლო შარშან - 31 319-მა.
დაბადებისა და ქორწინების რეგისტრაციის მაჩვენებლის მატება გაგრძელდა 2010 წელსაც. თუ 2009 წლის 5 თვეში რეგისტრირებული იყო 23 772 ბავშვის დაბადება, 2010 წლის 5 თვეში ეს მონაცემი 25 153-მდე გაიზარდა.
2009 წლის 5 თვეში რეგისტრირებული იყო 11 833 ქორწინება, 2010 წლის 5 თვეში კი სამოქალაქო რეესტრის ტერიტორიულ სამსახურბში 12 877 წყვილმა მოაწერა ხელი. შედარებისთვის, მიმდინარე წლის 5 თვეში საქართველოში 1740 წყვილის განქორწინება დარეგისტრირდა. აღსანიშნავია, რომ ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად იკლო განქორწინების რეგისტრაციის მაჩვენებელმა.
საინტერესო სტატისტიკა: 2009-2010 წლებში დაბადებულთა შორის სჭარბობენ ვაჟები, პროცენტული მაჩვენებელი ამგვარია: 2009-2010 წლებში დაბადებულთა შორის 52% ვაჟია, ხოლო 48% გოგონა.
როგორც გიორგი ვაშაძემ განაცხადა, საქართველოში შობადობა და ქორწინება კვლავ იზრდება, რაც პირდაპირ კავშირშია ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასთან.
მისი თქმით, საქართველო გამოვიდა ეკონომიკური კრიზისიდან და ბოლო წლების განმავლობაში მეტი წყვილი ქმნის ოჯახს, ეს კი პირდაპირ უკავშირდება ქვეყნის დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებას.